
ნუ მიიღებთ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პრეპარატ “ივერმექტინს”, რომელიც ცხენებში ჭიის დასამუშავებლად გამოიყენება,- ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა, ჯეისონ მაკელიამ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოველებისთვის განკუთვნილი წამალი ადამიანებში მხედველობის დაკარგვასაც კი იწვევს. აღნიშნულ ინფორმაციაზე სტატიას BBC-ი აქვეყნებს.
მაკელიას თქმით, მედიკამენტის ზედოზირების გამო, ოკლაჰომას საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში უკვე არაერთი ადამიანი მოხვდა. როგორც მან აღნიშნა, პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღება, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს.
მისივე თქმით, ადამიანებში მედიკამენტის ძალიან მცირე დოზით გამოყენება, განსაზღვრულ შემთხვევებში, დასაშვებია, თუმცა, არა – კოვიდის სამკურნალოდ.
“თქვენ არ ხართ ცხენები, თქვენ არ ხართ ძროხები”, – თქვა FDA-ის წარმომადგენელმა და მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ნივთიერების დიდი დოზების მიღება “საშიშია და შეიძლება ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენოს”.
დოქტორმა მაკელიამ განაცხადა, რომ პაციენტები, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, საავადმყოფოში მიდიოდნენ შემდეგი ჩივილებით – ღებინებით, კუნთების ტკივილით და მხედველობის დაკარგვითაც კი.
ოკლაჰომა ერთ -ერთია შეერთებული შტატების რამდენიმე შტატიდან, რომელიც ებრძვის დელტა შტამის გავრცელებას, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა 18,438 ახალი შემთხვევა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















