
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ედისონ რისერჩისა“ და „იფსოსის“ მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს და ეს 7 არჩევნებში დადასტურდა.
„ედისონ რისერჩი“, იფსოსი“ და სხვა, ეს არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები. ეს არის ბრენდული ორგანიზაციები, რომლებიც სახელს ატარებენ ამ კვლევების და სხვას არაფერს. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ამ კვლევებს ატარებს ლევან თარხნიშვილი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო ცესკოს თავმჯდომარე და არჩევნების მთავარი გამყალბებელი, კაცი, რომელიც ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა, ადამიანების ხმებს იპარავდა, აყალბებდა ხმებს არჩევნების შედეგებს, ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო? ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს და ეს 7 არჩევნებში დადასტურდა.
წინასწარ გამოქვეყნებული ეს კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი კვლევა და შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. ჩვენი მოსახლეობა, ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არჩევნები არ იქნება. ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ხმას კახა კალაძეს გამოკითხულთა 41% მისცემს, ნიკა მელიას – 36%, გიორგი გახარიას – 13%.
რაც შეეხება მეორე კვლევას, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის 36% ქართულ ოცნებას ირჩევს, გამოკითხულთა 27% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 11% — გიორგი გახარიას პარტიას. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კახა კალაძეს, 30% ნიკა მელიას ასახელებს, ხოლო 12% გიორგი გახარია.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















