
31 წლის ნუცა ყანადაშვილი ერთ-ერთია იმ 17 მგზავრიდან, რომელიც შატილის საზარელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ნუცა დედასთან ერთად დაიღუპა.
პროფესიით მხატვარი, საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, ხატვასა და ხელოვნებას ხუთი წლის მანძილზე ასწავლიდა. როგორც მისი თანამშრომელი, ფილოლოგი ირინე კვანჭიანი “პრაიმტაიმთან” ჰყვება, ნუცა არ იყო ჩვეულებრივი მასწავლებელი, მას შეეძლო იატაკზე ჩამჯდარიყო ბავშვებთან და ისე ჩაეტარებინა გაკვეთილი.
“ნუცა მოსიარულე მზე იყო! პოზიტივი, კეთილი. სახეზე ცისკარი გადასდიოდა. თუკი რაიმე საქველმოქმედო აქცია იყო, ყველგან ჩართული იყო, ყველას ეხმარებოდა. ახალგაზრდა ხელოვანი გოგო მოსწავლეების მეგობარი იყო. მასთან ერთად ცუდად ვერ იქნებოდი, გინდოდა თუ არა ეს. ინტელექტუალი იყო, სულ წიგნს კითხულობდა. სულ იღიმებოდა. ფართო მასშტაბის მოაზროვნე იყო. მის გაკვეთილზე რომ შეხვიდოდი, ნახავდი იატაკზე დამსხდარ მოსწავლეებს, მოიკითხავდი, სად არის მასწავლებელიო და მასაც მათ შორის აღმოაჩენდი” – ნუცას იხსენებს ირინე.

ხევსურეთი ჩემი ტკივილიაო, მორიგი ტურის წინ მიუწერია ირინესთვის. “ჩემი სული სულ აქაა, სულ” – ეს იყო მისი უკანასკნელი ფეისბუქ-პოსტი ხევსურეთზე. შატილში მოგზაურობას შეეწირა კიდეც.
“პირველად ჩარლი ჩაპლინის პრინტიანი მაისურით, ხუჭუჭა თმით, მომღიმარი გოგო გაგიცანი და სრულიად ახალ გარემოში ყველაზე ახლო ადამიანად მაგრძნობინე თავი, იმ დღიდან მიყვარდი და უსასრულობამდე მეყვარები ნუც, ნუციკო, ნუცა მას” – წერს სოციალურ ქსელში მარიამ გრძელიძე.
ნუცა ყანადაშვილს “პრაიმტაიმთან” მისი მოსწავლე, 16 წლის მარიამ გრძელიძე იხსენებს.
მარიამ გრძელიძე: – ნუცა ჩვენი მეგობარი იყო. ხატვასა და ხელსაქმეს გვასწავლიდა. თიხისგან აქსესუარების გაკეთება შეგვასწავლა. მისი გაკვეთილები მექვსე-მეშვიდე იყო, არავინ არ მიდიოდა სახლში, ყველა ხომ ვრჩებოდით ნუცას გაკვეთილებზე და მისი მაგიდის გარშემო ვსხდებოდით. ან ვხატავით, ან რამეს ვაკეთებდით და პარალელურად საინტერესო და აქტუალურ თემებზეც ვსაუბრობდით.

ყველა მასწავლებელი საუკეთესოა ჩვენს სკოლაში, მაგრამ ნუცა მაინც სხვა იყო… თან იმ დროს, უფრო პატარები ვიყავით და ის თავისუფლების უდიდეს მარცვალს აღვივებდა ჩვენში. არასდროს დაგივიწყებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ-მეთქი, ვეუბნებოდი. თავს დახრიდა და “ვაი” – ასე იტყოდა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო.
თავისუფალი ადამიანი იყო და ჩვენში სწორედ ეს თავისუფლების შტრიხები შემოიტანა. მართალი მარცვალი მან გააღვივა ჩვენში. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართო – სულ ამას გვეუბნებოდა.
განათლებული იყო, ნაკითხი. გაკვეთილის იქით, არ არსებობდა რამე გვეკითხა და მას ამომწურავი პასუხი არ გაეცა. იმპრესიონიზმის მსგავსად გარკვეული იყო ვთქვათ, ასტროლოგიაშიც.

ბევრი რამ შეგვძინა როგორც მოსწავლეებს და როგორც ადამიანებს. სულ საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა.
ერთხელ ყინწვისში წავედით ერთად. ბევრი რამ მითხრა იქაურობაზე. არასდროს არ ეზარებოდა გადმოეცა სრული ინფორმაცია.
ბოლოს ბაქოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე მიყვებოდა, რჩევა მომცა, აუცილებლად ნახეო.
ყველაფერში პოზიტიური იყო. მისი სკოლიდან წასლა ძალიან გვეწყინა. პოსტი დაგვიწერა, იყავით სულ ასეთი მეამბოხეები და ძლიერებიო. რთულად სამართავები ხართო, გვეუბნებოდა. ის არ ცდილობდა ვემართეთ, გვემეგობრებოდა და ამიტომაც იწვევდა ჩვენში პატივისცემის განცდას.
ამ პოსტის კომენტარებში დავუწერე, თქვენს წითელ, ხუჭუჭა თმას რომ ვერ დავინახავ, არ ვიცი, რა მეშველება-მეთქი. მოგვენატრებიო, ყველანი ვუწერდით.
თმით გამორჩეული იყო, სკოლაში რომ შევიდოდი და დავინახავდი, მჯეროდა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

ჩვენი პირადი ცხოვრება აინტერესებდა, რამე პრობლემა ხომ არ გვქონდა, გვეხმარებოდა, რჩევებს გვაძლევდა. მე პირადად ყველაფერს ვუყვებოდი. არ მახსენდება რჩევა, რომელიც არ გამომადგა.
ახლა, როცა მიწევს იმის გააზრება, რომ აღარ არის, ვცდილობ გავიხსენო, რა დროს რას მეუბნებოდა, რომ ისევ გავითვალისწინო მისი რჩევები. ნუცას რჩევა ყოველთვის ძვირფასი იყო ჩემთვის, ახლა – მითუმეტეს.
კეთილი ადამიანი იყო, სულ ეხმარებოდა სხვებს. ერთხელ ახალი წლის დღეებში იდეები გამოგვკითხა. მე ვუთხარი, ბავშვთა სახლში მივიდეთ და გავახაროთ პატარები-მეთქი. მაშინვე აიტაცა და შევასრულეთ. ასხივებდა სიკეთეს, ბედნიერებას და სიყვარულს. აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთო, გვეუბნებოდა. ეს სიტყვები ასმაგად ძვირფასია უკვე ჩემთვის.
უყვარდა ბობ მარლის ეს ფრაზა None but ourselves can free our minds…
ვერ ვიაზრებ, რომ აღარ არის. რთულია დასაჯერებლად. დამამახსოვრდება სულ მომღიმარი, წითელი, თვალზე ჩამოყრილი, კულულა თმით, განსხვავებული სტილით…























