
“ჩემი სული სულ აქაა, სულ” – ეს სიტყვები უკანასკნელად გადაღებულ ფოტოზე 31 წლის ნუცი ყანადაშვილმა დაწერა, რომელიც “ფეისბუქზე” დაპოსტვიდან რამდენიმე საათში საზარელ ავტოკატასტროფას შეეწირა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ 16 მგზავრი, მათ შორის ნუცის დედაც.
“აღარ გამოგიშვა ხევსურეთმა, შენც ხომ ეს გინდოდა?!” – წერს ნუცის თანამშრომელი, ფილოლოგი ირინე კვანჭიანი.
როგორც ირინე “პრაიმტაიმს” უყვება, საპატრიაქროს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ნუცა ხატვასა და ხელოვნებას ხუთი წელი ასწავლიდა. ბოლო ერთი წელი სკოლიდან წასულა და სხვადასახვა სოციალურ აქტივობებში ყოფილა ჩართული. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. ქველმოქმედებას ეწეოდა, უფასოდ ასწავლიდა ხატვას.

ირინე იხსენებს, როგორ შეიტყო ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ.
ირინე კვანჭიანი: – “ფეისბუქზე” დარეგისტრირებულ გიდების ჯგუფში ვარ და ეს ავტოკატასროფა რომ მოხდა, ამ ჯგუფში მალევე დაიწერა. პირველი რაც გავიგე, 15 მგზავრი იყო დაღუპული. ნუცის შატილიდან დადებული ფოტო და პოსტი რომ ვნახე, დავიწყე მასთან დაკავშირება. არ გადიოდა. ვიფიქრე, ორდღიან ტურშია წასული-მეთქი. შატილში ყველგან არ იჭერს ტელეფონი. მაგრამ არც მინაწერი უნახავს, არც ზარზე რომ არ პასუხობდა, ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი არამხოლოდ ნუცას, ყველაფერს ერთად. დილით ეს საზარელი ამბავიც შევიტყვეთ.
თანამშრომლები ვერც კი ვურეკავთ ერთმანეთს შიშით, ჩვენს “ხუჭუჭაზე” საუბრის გვეშინია, გავურბივართ.
ნუცა მოსიარულე მზე იყო! პოზიტივი, კეთილი. თუკი რაიმე საქველმოქმედო აქცია იყო, ყველგან ჩართული იყო, ყველას ეხმარებოდა.
ის მხოლოდ მასწავლებელი არ იყო. ახალგაზრდა ხელოვანი გოგო მოსწავლეების მეგობარი იყო, სახეზე ცისკარი გადასდიოდა. მასთან ერთად ცუდად ვერ იქნებოდი, გინდოდა თუ არა ეს. ინტელექტუალი იყო, სულ წიგნს კითხულობდა. სულ იღიმებოდა. ფართო მასშტაბის მოაზროვნე იყო. მის გაკვეთილზე რომ შეხვიდოდი, ნახავდი იატაკზე დამსხდარ მოსწავლეებს, მოიკითხავდი, სად არის მასწავლებელიო და მასაც მათ შორის აღმოაჩენდი.

ხატვა ხომ ასწავლა ბავშვებს, მერე სტადიონზეც ჩაიყვანდა, ხან – დარბაზში და იქ უტარებდა გაკვეთილებს. გადარეულ კლასებში მყოფი ბავშვებისთვისაც საყვარელი მასწავლებელი იყო. განა მას არ აგიჟებდნენ და დირექტორთან არ შედიოდა?! შედიოდა და ამბობდა, ამ საძაგლად საყვარელ ბავშვებთან არ შევალო! მეორე წუთში კი ამ ბავშვებთან ერთად ნახავდი.
არაჩვეულებრივად ხატავდა, სულით ხელოვანი იყო. ეცვა სადად, უბრალოდ, მაგრამ გამორჩეულად. მისი შემხედვარე ტანზე დაიხედავდი, მოწესრიგებული ხომ ვარო.
ტარიელ ხარხელაურის საღამო გავაკეთეთ, ნუცამ პანო გამიკეთა. მომცინარი ნუციკო…
არ უყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. ამერიკაში წასვლა უნდოდა. ორჯერ უარი მიიღო საკონსულოსგან. ვეუბნებოდი, შენნაირ ადამიანს ამერიკიდან, თავისუფალი ქვეყნიდან უკან, ჩვენს ჩარჩოებში დაბრუნება გაგიჭირდება-მეთქი.
მთაზე იყო შეყვარებული. როგორც კი შანსი მიეცემოდა, მთაში გარბოდა… მთა სხვა მისტიკა იყო მისთვის… ყველასნაირი არ იყო…

მთაზე შეყვარებული ადამიანი ყველა მიყვარს. სულ ვღელავ მათზე, ვინც ასე სტიქიურად მიდის მთაში. ჩემს ირგვლივ ყველას ვეუბნები, ნორმალურ მძღოლს დაგაკავშირებთ, ვინც მთა კარგად იცის-მეთქი. ვიცი, მთასთან დაკავშირებული ამბები. ხევსურეთი და თუშეთი რუსთავში ჩასვლა არ არის. ხევსურეთი-თბილისი 160 კილომეტრია. იგივე მანძილია ბორჯომამდე, სადაც ორ საათში ჩადიხარ, ხევსურეთში ჩასვლას ექვსი-შვიდი საათი უნდა. მთაა, გრუნტის გზაა, თავისი სპეციფიკა აქვს. ეს ყველაფერი გასათვლელია, გასათვალისწინებელია.
ხევსურეთის სამარშრუტო ტაქსში 20 მგზავრის ჩასმა ბოროტებაა! 50/50-ზე სასაკლაოზე უშვებ მგზავრებს. ნამდვილი ტუროპერატორი და ნამდვილი გიდი ამას არ იკადრებს.
პრობლემას ძირეულად თუ ჩავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ის იწყება ეკონომიკური მდგომარეობით. გარდაცვლილების ოჯახური მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მდიდარი ოჯახიდან არც ერთი არ ყოფილა. რა ქნან? მათაც უნდათ თავისი სამშობლოს ლამაზი მხარეების მონახულება.
არის განათლების, ინტელექტის პრობლემა. არ იციან შატილის მდებარეობა. ბავშვებმა აღმოსავლეთ-დასავლეთი არ იციან. სად მიდიან, ის არ იციან. ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან მთაში. ბოლოს უკვე იმდენი დაიწერა, რომ მთაში მაღალქსულიანი ფეხსაცმლით არ უნდა წავიდნენ, რომ სცხვენიათ და აღარ დადიან.

ბევრი პრობლემიდან მივიღეთ ეს ტრაგედია. რა ვქნათ, ასეთი საზოგადოება გვყავს, იმიტომ რომ ასეთს ვქმნით, ასეთები გვინდა, რომ გვყავდეს.
მაგრამ მე მიკვირს, ნუცას რატომ შეეშალა და რატომ გაჰყვა ისეთ სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც ოცი მგზავრი ჩასვეს. ის აბოდებდა ხევსურეთზე და უამრავჯერ იყო მთიან რეგიონებში ნამყოფი და არ უნდა გაჰყოლოდა ასეთ ტრანსპორტს. მაგრამ მთის სიყვარულით დაბრმავებული იყო. და საბოლოოდ დარჩა მთაში…






















