
23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე, ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, საქმის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და ყველა დეტალს ნათელი მოჰფინოს.
ბაჩალიაშვილის მამამ, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელმა მას უთხრა, თითქოს “მისი შვილი შარში იყო გახვეული”.
რამიშვილი ბაჩალიაშვილის მამასთან ერთად, გეგმავს დაადგინოს პოლიციელის ვინაობა.
ადვოკატის თქმით, ძიებას აუცილებლად ბოლომდე გააგრძელებენ და გარდაცვლილის მამასთან ერთად პოლიციაში ზარის უცნობი ავტორის იდენტიფიცირებისთვის მისვლას გეგმავს.
“არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა.
უახლოეს დღეებში ჩემთან ერთად შეხვდება მამა გამომძიებელს და დეტალურად, უკვე შემდეგ დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება თუ პიროვნებები, პოლიციელი იყო თუ არ იყო, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა მუქარა და შანტაჟის გამო.
პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ იქნება,”-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ახლა გარდაცვლილი ქალის ოჯახი და მათი უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც 1 კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მოხვდა თუ არა ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება.
























