12:05 | 2020-05-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ოჯახის წევრმა მომწერა, რომ აგრესიას ვიწვევდი! – ადვოკატი გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს ჩამოშორდა

ოჯახის წევრმა მომწერა, რომ აგრესიას ვიწვევდი! – ადვოკატი გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს ჩამოშორდა

გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სრულიად იხსნის.

 

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციის დროს განაცხადა, გარდაცვლილის ოჯახმა მისწერა, რომ „ის აგრესიას იწვევდა და სჯობდა ტექნიკური საკითხებისთვის მიეხედა“.

 

„დახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ, აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ადვოკატის ჩართვა მთხოვეს.

 

მე ხელშეკრულებაშიც ვწერ, რომ თუ საქმეში მეორე ადვოკატი ჩაერთვება, რომელსაც მე არ ვიცნობ შეიძლება დავტოვო საქმე.

 

თუმცა, ეს საქმე მივიღე, როგორც პირადი ტრაგედია ოჯახის წევრებს განვუცხადე, რომ ეს მათი უფლებაა. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რა მოხდა, იმ ერთი თვის განმავლობაში. რაღაც მიზეზების გამო, მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ უკეთესი, იყო თუ ამ საქმეს დავტოვებდი.

 

როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთ ოჯახის წევრს მივწერე, პასუხად მომივიდა, რომ ეს ყველაფერი არასწორად გავიგე. გამომდინარე იქიდან, რომ აგრესიას ვიწვევდი, უკეთესი იქნებოდა მე სასამართლოსთვის და ტექნიკური მხარისთვის მიმეხედა. ეს შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

 

ყველა წყენას ვდებ გვერდით და ვაცხადებ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი. რა თქმა უნდა, მხარეს ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ. საქმეს იმიტომ ვეთიშები, რომ ოჯახის წევრებისგან მიღებული შემოთავაზება მიუღებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, როდესაც ამ საქმეში ჩერთო კონფლიქტური სიტუაცია რამდენიმე კოლეგასთან წარმოეშვა.

 

„შეიძლება ითქვას, რომ ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან წითელი ხაზები გადავკვეთე. აღნიშნული კონფლიქტი უფრო სხვა რამეში გადაიზარდა. რაც მიუღებელია. მე ტარიელთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი. მე მასთან კარგი ურთერთობა მქონდა და იმედი მაქვს, უფრო კარგი მექნება,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

 

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

 

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X