23:12 | 2020-04-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოხუცები, რომლებსაც პენსიას შვილები ართმევენ

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოხუცები, რომლებსაც პენსიას შვილები ართმევენ

ახალმა კორონავირუსმა, რომელიც მსოფლიოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, ბევრი ადამიანი დააზარალა. არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ.

 

მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციის მიხედვით, 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანს გარეთ გასვლა საერთოდ ეკრძალება.

 

იმისთვის, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ, მარტოხელა ადამიანებს დაეხმარნენ, ბევრი ჯგუფი შეიქმნა.

 

მოხალისეები აკითხავენ მოხუცებს და ამარაგებენ პროდუქტით, ეგზავნებიან აფთიაქშიც.

 

მოხუცები საკმაოდ დიდი, დამალული პრობლემების წინაშე დგანან და ბევრი მათგანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც კი გახლავთ.

 

წნორის სოციალური კაფეს თანადამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილიპრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ასაკოვანი, მარტოხელა ადამიანების პრობლემებზე საუბრობს.

 

„მე და ჩემმა მეგობრებმა წლების წინ გავაკეთეთ სოციალური კაფე, რომლის მიზანი და დანიშნულება გახლდათ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, შემდეგ შემოემატნენ ბავშვები და წელიწად-ნახევრის წინ – ხანდაზმული ადამიანებიც. ისინი კვირაში რამდენჯერმე მოდიოდნენ ჩვენთან და ესწრებოდნენ სხვადასხვა ლექციას, სწავლობდნენ ხელსაქმეს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ღონისძიება გავაუქმეთ მარტის შუა რიცხვებიდან და შევწყვიტეთ ფუნქციონირება. შემდეგ გადავეწყეთ ახალ სისტემაზე და ვინაიდან ვიცოდით, რომ მოხუცები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდნენ და მით უმეტეს – მარტოხელა მოხუცები, გადავწყვიტეთ, მათზე გვეზრუნა.

 

მოვიძიეთ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში მარტოხელა მოხუცების კოორდინატები და დავიწყეთ მათ დასახმარებლად სახსრების მოძიება.

 

100 ხანდაზმული მოვიძიეთ და დავუკავშირდით ყველას, ვკითხეთ, რა სჭირდებოდათ. ზოგს ტელეფონი არა აქვს, სასწრაფოში დარეკვაც რომ დასჭირდეთ, ვერ დარეკავენ. ვეკითხებოდით, ჰქონდათ თუ არა სურსათის მარაგი, თუნდაც შემდეგი 2 კვირისთვის. ზოგს ტელევიზორი არა აქვს და ინფორმაციასაც კი ვერ იგებს.

 

ამ ხანდაზმულებს შორის ბევრია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ბევრი დამალული პრობლემაა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ისინი თავის თავს მსხვერპლს არ უწოდებენ და რატომღაც არც საზოგადოება აიგივებს მათ მსხვერპლთან.

 

ბევრი მათგანი პენსიას ვერ იღებს. მართალია, რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოუტანია წინასწარ რამდენიმე თვის პენსია და თვითონ მოიხმარა, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. უმეტესობა პენსიას იმის გამო ვერ განკარგავს, რომ შვილს აძლევს ან და ბარათი სულაც არა აქვს თვითონ და შვილი იღებს მის პენსიას, რომელიც მასთან არც კი ცხოვრობს და ფაქტობრივად, მოხუცი უსახსროდ რჩება და ვერც წამალს ყიდულობს და ვერც საკვებს.

 

წინა კვირაში 50 მოხუცს მივაკითხეთ სახლში და მივუტანეთ სურსათი. აღმოჩნდა, რომ მოხუცს, რომელიც ჩვენ მარტოხელა გვეგონა, ამ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ოჯახის წევრები ჩამოუვიდნენ ქალაქიდან და მარტო აღარ არის. ბუნებრივია, რომ ჩამოსულები მოხუცის პენსიაზე არიან დამოკიდებული და ეს ადამიანი თავის ფულს ვეღარ განკარგავს. დავფიქრდით, დაგვეტოვებინა თუ არა ასეთი ადამიანებისთვის სურსათი და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ კი, უნდა დაგვეტოვებინა.

 

როცა ვეკითხებოდით, რა სჭირდებოდათ, გვეუბნებოდნენ, რომ ტკბილეული ენატრებოდათ. გავითვალისწინეთ მათი თხოვნაც და სხვა სურსათთან ერთად ტკბილეულიც მივუტანეთ. უნდა გენახათ, როგორ ბავშვებივით გაიხარეს. ზოგმა გვითხრა, რომ ახალი წლის მერე ხორცი არ ეჭამა და გვთხოვა, ხორცი მიგვეტანა.

 

ამ კვირაში კიდევ მეორე 50 მოხუცს დავეხმარებით. შემდეგ ვაპირებთ, ტელეფონი ვუყიდოთ მათ, ვისაც არა აქვს და ვარჩევთ დიდ ღილაკებიან აპარატებს, რომ გაუადვილდეთ მოხმარება.

 

ვისაც ტელევიზორი არა აქვს, ტელევიზორსაც ვუყიდით.

 

იციან, ქვეყანაშ როგორი სიტუაციაა და შინიდან არ გამოდიან. გვეუბნებიან, მეზობელთან გავდიოდი ხოლმე და იქაც აღარ გავდივარო. ძალიან ფრთხილობენ.

 

ერთი მოხუცია, სულთანი პაპა, 15 წელია, უსინათლოა. სახლი დაენგრა. წლებია, ვაგონში ცხოვრობს, სრულიად მარტო, გაჭირვებაში, რადიოსა და ტელეფონის გარეშე. ეს ზამთარი დენისა და გაზის გარეშე გადაუტანია. მასთან რომ მივედით, ეს უსინათლო მოხუცი თავად თლიდა კარტოფილს. დენი 2 დღის ჩართული ჰქონდა. გვთხოვა, რომ მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა მოგვეხერხებინა. დავუკავშირდით მის შვილებს, მაგრამ ეწყინათ, – სირცხვილია, მამაჩვენი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდესო.

 

ახლა კიდევ ვაპირებთ მასთან მისვლას, ტელეფონი უნდა მივუტანოთ და ვკითხავთ, ისევ უნდა თუ არა თავშესაფარში გადასვლა და ისე მოვიქცევით, როგორც თავად იტყვის, რადგან  მას აქვს უფლება, განკარგოს თავისი ცხოვრება და უკეთ იცის, როგორ ჯობს მისთვის.

 

ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ ადგილობრივი მეწარმეები და მადლობა მინდა მათ გადავუხადო. წნორში არსებული საკონდიტრო მოხუცებს ნამცხვრით ამარაგებს და დაბადების დღეებზე ტორტებს უგზავნის, ასევე ეხმარებიან ფქვილითა და სხვა პროდუქტით. ერთობლივად მოვახერხებთ იმას, რომ მოხუცები უყურადღებოდ არ დაგვრჩნენ“, – ამბობს ნანა ბაგალიშვილი.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X