16:43 | 2020-07-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ოკუპანტები ზაზა გახელაძეს პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს „უკერავენ“ – ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპანტები ზაზა გახელაძეს პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს „უკერავენ“ – ვაჟა გაფრინდაშვილი

„რუსეთის ახალ პრაქტიკას ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ“ – ეს განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილმა სოფელ ჭალა დიდში ზაზა გახელაძის ოჯახში გააკეთა.

 

ექიმმა, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობის 48 დღე გაატარა, საკუთაარი გამოცდილება გახელაძის ოჯახს გაუზიარა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

გახელაძის ოჯახს გაფრინდაშვილის მეუღლეც ეწვია.

 

„ჩამოვედით რომ, მხარი დავუჭიროთ ზაზა გახელაძის ოჯახს იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ისინი დღეს არიან. ჩემს ოჯახს გამოვლილი აქვს ეს მწვავე სიტუაცია და ვიცით, რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს.

 

აუცილებელია ყველას თანადგომა, პრეზიდენტის, მთავრობის, ხალხის, რათა ზაზამ თავი მარტო არ იგრძნოს. ეს თანადგომა სჭირდება ყველა დაკავებულს, მაგრამ ზაზას – განსაკუთრებით, რადგან მსგავსი გაუგონარი შემთხვევა მგონი ბოლო 10 წელი არ მომხდარა.

 

ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს, ზაზამ ხან 2-ჯერ, ხან 8-ჯერ, ხან 10-ჯერ ისროლა, ხვიჩა მღებრიშვილს ღამურების კოლექცია ჰქონდაო, ვიღაცას შეიძლება პუტინზე თავდასხმის მცდელობა დააბრალონ.

 

ახალი პრაქტიკა აქვთ: პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს „უკერავენ“, მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აღარ იფარგლებიან, ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

 

„სამომავლოდ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს“ - მიდის თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილი პოლიტიკაში?!
2020-06-23„სამომავლოდ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს“ - მიდის თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილი პოლიტიკაში?!

 

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს კასპის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

 

დე ფაქტო ცხინვალმა მას 20 დეკემბერს, ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა, 28 დეკემბერს კი 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ – გაათავისუფლა.

 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. რის შემდეგაც, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილი გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ვითარებაში გასარკვევად ევროკავშირის მისია ჩაერთო, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X