15:25 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირით შეწყვეტილი საეკლესიო მსახურება განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირით შეწყვეტილი საეკლესიო მსახურება განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 თებერვალს შეწყვეტილი საეკლესიო მსახურება განახლდა. ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განცხადებით, აფხაზ სასულიერო პირებს იმედი აქვთ, რომ ქართული ეკლესიის მიღმა რუსეთის პატრიარქი გადაწყვეტს „აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის” სტატუსს.

 

„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს აფხაზეთში ავტონომიური ეკლესიის ფორმირებას. ავტოკეფალიაზე საუბარი ნაადრევია, ჯერ უნდა აღდგეს ავტონომია. ჩვენთან მიდის აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა. ეს ძალიან გრძელი პროცესია. გარდა რუსეთისა კავკასიაში, მართლმადიდებლობა არავის აღუდგენია”, – აცხადებს ბესარიონ აპლია.

 

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთი არ იყოს ასოცირებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

 

მანვე აღნიშნა, რომ ქართველები ამ ყველაფერს არ დათანხმდებიან, მაგრამ თვითონ აფხაზები უნდა იყვნენ ერთსულოვნები.

 

ბესარიონ აპლიას განმარტებით, „აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის” აღსადგენად, მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება მათ აფხაზურ ენაზე მსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა, შეიქმნება მთარგმნელობითი კომისიაც.

 

ცნობისთვის, 19 თებერვალს დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, აფხაზური მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომ მან „აფხაზურ ეკლესიას“ მიანიჭოს სტატუსი, რადგან მათ არ სურთ იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში, რადგან აპლიას თქმით, ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება.
მისივე განცხადებით, საკითხის გადაწყვეტამდე აფხაზეთში მღვდელმსახურება მხოლოდ ერთ ტაძარში ჩატარდებოდა. აპლიას განცხადებას უპასუხა საქართველოს საპატრიარქომაც და მათ ეს ფაქტი სიცრუედ და ფაქტების დამახინჯებად შეაფასეს.

 

 

 

ავტორი:თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X