
ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ანაკლიის საკარანტინო ზონაში 7 ადამიანი გადაიყვანეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ადასტურებს.
„წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან 7 პირი, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ქალთან, რომელიც მოთავსებულია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი.
მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს ანაკლიის საკარანტინო ზონაში. ეს ადამიანები არიან ის პირები, ვისაც ჰქონდა ამ ქალთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანაკლიის საკარანტინო ზონაში სულ გვყავს ამ ეტაპზე 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით. 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია“, – ამბობს ალექსანდრე მოწერელია.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე აისახა.
- 1 აპრილის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: თეა შონია






















