17:27 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა რელიგიურ შეკრებებზეც ვრცელდება

ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა რელიგიურ შეკრებებზეც ვრცელდება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც, – ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს.

 

„საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი“, რომელიც პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

 

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები…“

 

შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში. ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის!

 

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზე“, – წერს ომბუდსმენი.

 

დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

ავტორი: Prime Time

X