
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე საუბრობს, ბოლო დროს გახშირდა აქცენტები, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, ან არის ვერსიაც, როცა ამბობენ, რომ რეალურად ყველა ოლქში საერთო კანდიდატებზე შეჯერება შესაძლებლობას მოკლებულია.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაშია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ბერძენიშვილი გეგმა „ბ“-ს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეორე ტურში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერა, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან უალტერნატივოა.
„სხვების არჩევანია, რომ მაჟორიტარებში შეთანხმება არ იყოს თავიდანვე. მოტივებიც სრულიად გასაგებია და არც არავის ვაკრიტიკებ ამის გამო – პირობა არ დაურღვევია „ლელოს“, არ მოუცია ასეთი პირობა.
სხვებმაც თქვეს, რომ კანდიდატებს დააყენებენ ბევრგან. ზოგს შეთანხმება წინასწარ სწორად არ მიაჩნია, ზოგსაც კი შესაძლებლად.
ასეთ ვითარებაში ნამდვილად უალტერნატივო „პლან ბ“ არის მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამის წინასწარ განცხადებაც.
ყველას საკუთარი ტაქტიკა აქვს. ამასთანავე, პირველი ტურის შედეგებით პროპორციულ ნაწილში ოპოზიციის და ხელისუფლების შედეგები იქნება ერთმანეთთან ახლოს და სწორედ მეორე ტურში გადაწყდება ხელისუფლების საკითხი – იცვლება თუ ვერა”- წერს ბერძენიშვილი.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ძალა ერთობაშიას“ საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.
წინასაარჩევნო სამზადისი დაწყებულია და გაერთიანებაში კანდიდატებზე მსჯელობენ, თუმცა ეს არ არის ოპოზიციური სპექტრის ის გაერთიანება, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე მსჯელობს.
























