18:34 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

„ორი ბავშვი ვიშვილე, ერთი უკვე დავაბინავე და მეორეს დაბინავებასაც ვაპირებ” – მეუფე ნიკოლოზი ბავშვებზე, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონიდან იშვილა

„ორი ბავშვი ვიშვილე, ერთი უკვე დავაბინავე და მეორეს დაბინავებასაც ვაპირებ” – მეუფე ნიკოლოზი ბავშვებზე, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონიდან იშვილა

ბოლო რამდენიმე დღეა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში მძიმე დარღვევებია და ადმინისტრაცია მის დამალვას ცდილობს.

 

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვთა სახლში მათი იდეოლოგიის გამო არ უშვებს.

 

ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაშია. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებას იცნობს და დარწმუნებულია, რომ ბავშვებს კარგად ექცევიან.

 

„პირადად მე ორი ბავშვი ვიშვილე, ერთი უკვე დავაბინავე და მეორედ დაბინავებასაც ვაპირებ“, – მეუფე ნიკოლოზი „პრაიმ ტაიმთან” საუბრისას იხსენებს, რომ მან პანსიონიდან ორი გოგონა იშვილა, რომელთაც თავის დროზე იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალურად გამოჰკითხა და მათივე მონათხრობით, კარგად ექცეოდნენ.

 

„პანსიონში სხვადასხვა მიზეზით მშობლის ზრუნვას მოკლებული ბავშვები ხვდებიან. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი შვილობილი რამდენიმე დღის იყო, როდესაც პანსიონში მიიყვანეს. დედაც მალე გარდაეცვალა და დარჩა დეიდა და და, რომელიც ამავე პანსიონში გაიზარდა. მათივე მონათხრობით, პანსიონში კარგად ექცეოდნენ – ცხადია ყველაფერი დეტალურად გამოვკითხე.”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, როდესაც ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, სრულწლოვანები გახდნენ და მათი პანსიონში დატოვება აღარ შეიძლებოდა მან ისინი იშვილა და მათზე ზრუნვა განაგრძო. ერთ-ერთი შვილობილი დღესაც ეპარქიის მონასტერში ცხოვრობს, ხოლო მეორე გათხოვდა და ბედნიერი ოჯახი აქვს.

 

„როდესაც სკოლა დაამთავრეს, აკადემიური მოუსწრებლობის გამო ატესტატის აღება ვერ შეძლეს. პანსიონში მათი დატოვება აღარ შეიძლებოდა და ეს დები საცხოვრებლად ჩვენს რეზიდენციაში გადმოვიყვანეთ, აკადემიურად მოვამზადეთ, გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ატესტატები აიღეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი თანადგომით გათხოვდა, დღეს თბილისში ცხოვრობს და ბედნიერი ოჯახი აქვს. მეორე მათგანი დროებით ჩვენს ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს და ცხოვრების ასპარეზზე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადება. ისინი ახლა 20 წელს გადაცილებები არიან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

ცნობისთვის, სხალთელი მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ავტორი: Prime Time

X