15:13 | 2020-08-08 ავტორი: Prime Time

ორი ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ, რამაც 35 რუსი სამხედრო იმსხვერპლა – რუსი ოფიცერი დღემდე გაკვირვებული ყვება ამ ისტორიას

ორი ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ, რამაც 35 რუსი სამხედრო იმსხვერპლა – რუსი ოფიცერი დღემდე გაკვირვებული ყვება ამ ისტორიას

გმირი რომან ზოიძე, დაიბადა 1988 წელს – კაპრალი – ვახტანგ გორგასლისს III ხარისხის ორდენოსანი.

 

„20 წელი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ფეხსა და მკლავში დაჭრილს, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლები ჰოსპიტალისკენ მიგყავდეს. როცა სამი დაჭრილი მებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა, რომან ზოიძე ექიმებს არ დაემორჩილა და უკან, ცხელი წერტილისკენ გასწია… დღეს სამივე ქართველი ცოცხალია და ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება გმირი, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა…

 

70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა. მტერი ძალიან ბევრი იყო. ერთი რუსული ასეული, სხვადასხვა შენაერთებით, ჩვიდმეტიოდე ქართველს ებრძოდა. როგორც შეეძლოთ, მტერს აკავებდნენ, თან დაჭრილები გაჰყავდათ. 17-მა ბიჭმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, რომ მათი მანქანების კოლონამ, როგორღაც უკან დაიხია და სხვა გზით წავიდა. 17–მა ბიჭმა მაშინ რამდენიმე ქართული ასეული გადაარჩინა. ამ ამბის მომსწრე რუსი ოფიცერი, საშა დროზდოვი, დღემდე გაკვირვებული ყვება თურმე ამ ისტორიას.

 

ალყაში საბოლოოდ ორნი დარჩნენ, რომანი და მისი ნათლია – ალექსანდრე ონიანი. რომანი კიდევ დაჭრილა, არტერიაში მოხვედრია ანასხლეტი და სისხლისგან იცლებოდა… ალექსანდრე საერთოდ უვნებლად იყო გადარჩენილი, თუმცა რომანი არ მიუტოვებია… ეხვეწებოდა ნათლული, მე მაინც ვეღარ გადავრჩები და შენ მაინც გააღწიე, რომ შემდეგ საფლავზე ჩემი სადღეგრძელო თქვაო, მაგრამ ისინი ბოლომდე ერთად დარჩნენ…

 

მუხლებზე იდგნენ და მამაო ჩვენოს ამბობდნენ, ორი გააქტიურებული ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ დამალული. რუსები მოიტყუეს, ვითომ ხელაწეულები ბარდებოდნენ მტერს და როდესაც მათ სიახლოვეს მტრის რაოდენობამ იმატა, ყუმბარები გაიხსნა. 300 მეტრის რადიუსით გაიშალა ანასხლეტი და 48 რუსის ჯარისკაცი დააზიანა, აქედან 35 დაიღუპა… დიდი დანაკლისი მიაყენეს რუსებს. 2 კაცმა თითქმის გაანადგურა მტრის ასეული…“ – დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, წიგნი „გმირი“.

 

გმირი გიორგი ჯავახიშვილი, დაიბადა 1988 წელს – კაპრალი – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი

„8 აგვისტო. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჯავშანჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ. მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ, რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია. გიორგი ჯავახიშვილი, ალბათ, უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო.

 

ავიაცია ტყის დაბომბვას დაიწყებს. ყუმბარის ნამსხვრევი თავში დაჭრის გიორგის. მაგრამ დაინახავს თუ არა, ტრიალ მინდორზე დაჭრილ კაპიტანს, ორ ბიჭთან ერთად გაიქცევა მის გამოსაყვანად. ასმეთაური შამათავა არ უშვებს, დაჭრილი ხარ, დარჩიო. ვერ დააკავებს, ის მაინც შევარდება გამოსაყვანად. და… სნაიპერის ტყვია. ისევ თავში. დაცემა უგონოდ. სნაიპერის ტყვია მეორე ბიჭსაც მოხვდება. ისიც დაეცემა – ოღონდ უკვე უსულოდ. თანამებრძოლები შევარდებიან, კაპიტანსაც მოაფარებენ ნანგრევებს (ის გადარჩება), გიორგისაც და მის თანამებრძოლსაც გამოიყვანენ. გიორგი უგონოდაა, ოდნავ ფეთქავს. მეორე მკვდარია. ასმეთაურის ღრიალი – ეს ბავშვი გაიყვანეთ, როგორც გინდათ… ის მართლაც ბავშვი იყო… მხოლოდ 19 წლის.“ – დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, წიგნი „გმირი“.

ავტორი: Prime Time

X