
დღეს ის ორი შვილის მარტოხელა დედის სტატუსს ატარებს. ებრძვის სიდუხჭირეს და მაინც არ ნებდება.
ლალი გოზალიშვილი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. დღეს ის კასპის რაიონი, სოფელი ახალქალაქი ორ მცირეწლოვან შვილთან, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მამასთან და პაპა-ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სახურავს შორის დარჩენილი ნაპრალებიდან წვიმს დროს წყალი ჩადის.
მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და მოხუცების პენსიაა.„თბილისში დავიბადე და გავიზარდე. პატარა ვიყავი როცა მშობლები საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდნენ. მამა მუშაობდა და კარგად ვცხოვრობდით. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა. მე და ჩემს ძმას არაფერი გვაკლდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვლადიკავკაზის დატოვება მოგვიხდა. ჩამოვედით საქართველოში. სოფელ ახალქალაქში დავსახლდით. მამამ აქ სამუშაო ვერსად იშოვა, ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა. ორჯერ გაიკეთა სტენტირება.
ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ პაპა-ბებიას, თავიანთი პენსია მედიკამენტებში არ ყოფნით. ჩემი ძმა და დედა მეზობელ სოფელში ცხოვრობენ, იმათაც უჭირთ. თუ რამის საშუალება აქვთ გვეხმარებიან.
მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 და 1 წლის. ჩვენი ძირითადი შემოსავალი პაპა-ბებიას პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც საერთო ჯამში 660 ლარია. პენსია ძირითადად წამლებში იხარჯება. ბავშვების კვების რაციონი ძირითადად ბურღულეულით შემოიფარგლება.
საოჯახო საქმეებს მე ვაკეთებ. არ გვაქვს სარეცხის მანქანა და ამის გამო ზამთარ-ზაფხულ ეზოში, ცივ წყალში მიწევს ექვსი ადამიანის ტანსაცმლის გარეცხვა. ძალიან მინდა ჩემი საკუთარი ჭერი მქონდეს, სადაც ჩემს შვილებთან ერთად მშვიდად ვიცხოვრებ.“ – ამბობს ლალი.
პირად ცხოვრებაზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ მეუღლემ, რომელთანაც ლამაზ მომავალს გეგმავდა, ორსულობის პერიოდში მიატოვა.
„სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ყოველ შემთხვევაში მე მიყვარდა. დავშორდით, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მეუღლე თბილისელი იყო. როცა ორსულად დავრჩი, გამომიცხადა აბორტი უნდა გაიკეთოო. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.
როცა შვილი გავაჩინე მაშინ დავშორდით. გარკევული პერიოდის შემდეგ შევრიგდით, თავიდან ვცადეთ ურთიერთობის აწყობა. ისევ ორსულად დავრჩი და როცა ვუთხარი, მიმატოვა და წავიდა. კატეგორიულად არ უნდოდა შვილები, მათი გაზრდის საშუალება არ მაქვსო.
– მამა შვილებს არ ეხმარება?
– რა დახმარებაზე საუბრობთ, ბავშვებს ჩემი გვარი აქვთ. მისი ოჯახი ჩემი ყოფილი მეუღლის პირველ მეუღლესა და შვილებს ეხმარება. მითხრეს, შენ ბოზად ჰყავდიო… ჩემს შვილებს ბევრ რამეზე სწყდებათ გული. მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს ვნანობ. შვილებით ბედნიერი ვარ…
პროფესიით კოსმეტოლოგი ვარ, ვიზაჟის კეთებაც ვისწავლე, მაგრამ ორსულობის შემდეგ ხელი მიკანკალებს. მერე გამოსავალი ვნახე და სახლების დალაგება დავიწყე. იმის გამო, რომ პატარას დამტოვებელი არ მყავს, ვეღარ ვმუშაობ. “ – ამბობს ლალი.























