16:50 | 2020-04-10 ავტორი: თამთა თორდია

ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა – ძალადობის მსხვერპლი ქალი

ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა – ძალადობის მსხვერპლი ქალი

სოციალურ ქსელში ნანა ხუფენია წერს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და მას მუდმივად უწევს თავდაცვა კრიმინალური მენტალობის ადამიანისგან, რომელიც საკუთარი შვილების მამაა.

 

„სამწუხაროდ, არიან ადამიანები, უფრო სწორად კი არაადამიანები, რომელთა გონება მხოლოდ სხვების გაუბედურებაზეა ორიენტირებული.

 

მე, რომელმაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ადამიანის უფლებების პატივისცემით, ტოლერანტობის, სამართლიანობის და ჩემი ქვეყნის წინაშე უპირობო თავდადებით, რომელიც ჩემი საქმიანობით მთელი ცხოვრების მანძილზე, არაერთხელ დავამტკიცე, უკვე მერამდენე წელია, მიწევს ბრძოლა საკუთარი მთავარი კონსტიტუციური უფლებისთვის-სიცოცხლის უფლებისთვის.

 

მე მიწევს თავდაცვა მუდმივად კრიმინალური მენტალობის ადამიანისგან, რომელიც არის ჩემი შვილების მამა.

 

მე ვერ დამიცვა მისგან საზოგადოებამ როდესაც 21 წლის წინ ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა რადგან მამა არ მყავდა.

 

მაშინ არაფერი სხვა არც არსებობდა ამ ქვეყანაზე რომლითაც დედისერთა გოგოს შეეძლო ეფიქრა, რომ დაიცავდა თავს.

 

მე ვერ დამიცვა პოლიციამ, უფრო მეტიც, სასამართლომ და ჩემი სიცოცხლის ხელყოფა სულ რაღაც რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა (ეგ რაც მე ვიცი გირაოს სახით, ოფიციალურად), მე კი -განახევრებული სიცოცხლე და ჩემი შვილების განადგურებული ფსიქიკა.

 

კანონი მეტის საშუალებას არ იძლევაო – მითხრეს მაშინ საავადმყოფოში თავში მრავლობითი ჰემატომებისგან გაბრუებულს.

 

მეგობრებო, მე ახლა ომში უნდა ვიყო თქვენთან ერთად , ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში.

 

ომში, სადაც ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რომ არ გაჩერდეს პროცესები, თითო აგური დავდოთ და ვიაროთ წინ ვისაც როგორც შეგვიძლია რომ გადავრჩეთ.

 

ვინც მიცნობთ, იცით, რომ ორი, სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრზე მაქვს პასუხისმგებლობა- დედაზე და შვილზე როგორც ამ სიტუაციაში მაღალი რისკის ჯგუფზე და გაათმაგებული ყურადღება და კონცენტრაცია მჭირდება რომ ისინი დავიცვა ამ ვირუსისგან.

 

ამ დროს კი, კოლეგებო, ვინც ვერ მხედავთ ხაზზე ეს ბოლო დღეებია, მე არ ვარ თქვენს გვერდით, იმიტომ რომ მე ისევ ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ვიბრძვი.

 

რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა და ამ ფორმით…

 

როდესაც შენს არასრულწლოვან შვილს, 12 წლის ბიჭს კრიმინალური მენტალობის ადამიანები კრიმინალური ტერმინებით უხსნიან, რომ დედის მეუღლე არის მისი მტერი და ის, როგორც ბიჭი უნდა იყოს მათთან ერთად ამ მტრის წინააღმდეგ, ხედავ შენი შვილის შიშისგან გაფართოებულ თვალებს, კითხვებს შეთითხნილ გაუგებარ მიზეზებზე და ხვდები, რომ არაფერი არ დაგრჩა, ფუჭია ყველაფერი და ასეთი ცხოვრებაც არ ღირს.

 

იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ამ არაკაცის გამო, სიკვდილს ჩავხედე თვალებში.

 

ახლა სხვა სიკვდილს ვუყურებ თვალებში, მორალურ სიკვდილს როგორც დედა, რომელმაც მიუხედავად უზარმაზარი მოთმინებისა და გამძლეობისა, ვერ დაიცვა შვილი მთავარი ვირუსისგან-ღირებულებების სიმახინჯე, ყველაზე რთული ავადმყოფობა და ყველაზე საშიში რაც კი შეიძლება იყოს.

 

ჩემთვის ხშირად უთქვამს იმ არარაობას, მოიკალი თავი, იმიტომ რომ მაინც შენ მე არ გაცოცხლებ, არ მოგასვენებ, გაგამწარებ.

 

მიფიქრია კიდეც რამდენჯერმე, იქნებ ზუსტად ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი ყველასთვის.

 

მაგრამ…

 

ჩემი არჩევანია ვიცოცხლო.

 

მინდა იცოდეს ყველამ ვინც მის ირგვლივ ტრიალებს და გარეწრობაში ეხმარება, ჩემი მოკვლა მოგიწევთ რომ გამაჩუმოთ.

 

ფულით ყველაფერს ვერ იყიდით. სხვა გზა არ გაქვთ პასუხს აგებთ კანონიერად ყველაფრისთვის. მე კი თავს არ მოვიკლავ.

 

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

 

მივმართავ საქართველოს მთავრობას.

 

ვიცი, რომ ახლა სხვა პრიორიტეტია ქვეყანაში მაგრამ, გთხოვთ, ნუ გამხდით მეც კრიმინალს, რომ თავი დავიცვა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა, ღირსეული ადამიანები უფრო მეტნი არიან ამ ქვეყანაში ვიდრე არარაობების, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის სამარცხვინო არარაობების ბრბო, რომელთაც ჰგონია, სამყარო იმართება მათი ახირებებით“, – წერს საკუთარ facebook გვერდზე ნანა ხუფენია.

 

ავტორი: თამთა თორდია

X