22:28 | 2020-11-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ოთხჯერ წაიქცა… გადავრჩით!” – კახი კავსაძის ძმა მსახიობის ჯანმრთელობაზე

“ოთხჯერ წაიქცა… გადავრჩით!” – კახი კავსაძის ძმა მსახიობის ჯანმრთელობაზე

კახი კავსაძე სახლიდან თითქმის არ გამოდის. პანდემიურ სიტუაციაზე თავის მორიდების გარდა ერთი უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა, უფრო სწორად – ოთხი. მსახიობი ორჯერ სახლში წაიქცა, ორჯერაც – ქუჩაში და ოთხივეჯერ ერთი და იგივე ადგილი დაურტყამს – თეძოს ძვალი.

 

როგორც “პრაიმტაიმს” ლეგენდარული მსახიობის ძმა, ოპერის მომღერალი, იმერი კავსაძე უყვება, მის გარეშე უფროს ძმას გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევს. ამით დავარდნის ხიფათსაც არიდებს და ბატონი კახის დანახვით, სიყვარულის გამომხატველი, თანაქალაქელების მოულოდნელ “თავდასხმას” – ჩახუტებასაც.

 

იმერი კავსაძე: – ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ. მე მივდივარ კახისთან სახლში. ტელეფონზე ხშირი კონტაქტი გვაქვს, ვერ გეტყვით დღეში – რამდენჯერ. მისგან რომ წამოვალ და სახლში მოვალ, უნდა გადავურეკო – მოვედი, უკვე სახლში ვარ-მეთქი, უნდა დავამშვიდო. თუ სადმე ვართ და კახი მიდის სახლში, დამირეკე, რომ მიხვალ-მეთქი, მე ვეუბნები.

 

ოთხჯერ დავარდა, ორჯერ სახლში წამოკრა რაღაცას ფეხი და ორჯერ – ქუჩაში. არაფერი მოუტეხავს, მაგრამ ზოგჯერ თეძოს ძვლის ტკივილი აქვს. ოთხივეჯერ ერთი და იგივე ადგილი დაარტყა.

 

ღმერთს მადლობა, არაფერი მოუტეხავს, გადავრჩით. ეტყობა, ჩვენ ოსტეოპოროზი არ გვაქვს.

 

გუშინ რომ მივედი, გარეთ გავიყვანე, გავასეირნ-გამოვასეირნე. თან ქუჩაში გამვლელებისგან ვიცავ. რომ იციან, ბატონო კახიო და ეხუტებიან, ამ სიტუაციაში! კარგით, რა ხალხო, ამ პანდემიის დროს, ნუ ეხუტებით-მეთქი, არავის ვაკარებ კახის. პირბადით კი დავდივართ, მაგრამ ასაკში ვართ.

 

როცა ვიკრიბებით ბევრს ვსაუბრობთ, სასაუბრო თემებს რა გამოლევს? თან ჩვენ იმდენი რამ გვაქვს ერთმანეთთან მოსაყოლი და გასახსენებელი… ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ხუმრობით ვამბობთ, ჩვენ შორის რომ რამე მოხდეს, დედაჩვენი იქ, საფლავში გადატრიალდება-მეთქი. ალბათ, რძეს რომ გვაწოვებდა, მაშინ ჩაგვინერგა ასეთი ძმობა, არ ვიცი…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X