
ერთხელ მე და ჩემი შვილი ფეხბურთზე ვლაპარაკობდით… უცებ მეუბნება: დე, ფეხბურთში იცი როგორაა? – გუნდის სახელი მკერდზე გაწერია, შენი კი ზურგზე, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გუნდი ძლიერი იყოს. გუნდს არ უნდა უღალატოო… ეს კარგა ხნის წინ იყო, მაგრამ დღეს გამახსენდა რატომღაც მას შემდეგ, რაც ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა…
აბუსერიძემ დაწერა, რომ „ხვალ ერთი კაციც გუნდია“.
უფრო კონკრეტულად აი რას წერს ის:
“თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები, ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!
თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია! თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!”
ხვალ, 10 მარტს, რაგბის კავშირი ისევ პრეზიდენტს ირჩევს. თუმცა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა.
6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
უფრო ადრე კი მოვლენები ასე განვითარდა …საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
ქვორუმისთვის საჭირო 50 ხმა და შესაბამისად, ყრილობის ჩატარება, რომელზეც მხოლოდ 44 სუბიექტი გამოცხადდა, ვერ მოხერხდა.
შედეგად, ყრილობა გადაიდო და ის 10-30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. დებულების თანახმად, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი 38 ხმა იქნება.
ვუყურებთ, ჩატარებულ და მერე გაუქმებულ არჩევნებს, არშემდგარ ქვორუმს… ხვალინდელი დღის სამზადისს და ვფიქრობ, ძნელია ამ ყველაფერს უყურო „ბორჯღალოსნების“ ქომაგმა, რომელიც მოედანზე თუ ეკრანთან, მათთან ერთად განიცდის ყველა გაშვებულ ლელოს და უხარია გატანილი. უხარია ყველა შერკინება, ჯახი და დამიწება, რომელიც ბოლოს გამარჯვებით და სულ ბოლოს მეგობრობით სრულდება, რაც რაგბისთვის დაუწერელი კანონია.
ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენო… და მეც ყოველთვის მიხაროდა, რომ ვიყავი რიგითი ქომაგი იმ ქვეყნიდან, რომლის სახელსაც ეს ჯენტლმენები მსოფლიოს აცნობდნენ…
აგრე უკვე თვეზე მეტია ვუყურებთ, როგორ იბრძვიან რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის… ვხედავთ უიარაღოდ ბრძოლებში დაბრძენებულები, როგორ გათითოკაცდნენ და დაკარგეს ყველანაირი ღირსება … დაიწყო ქუჩური გარჩევები, პიროვნული დაპირისპირებები და იარაღის ტრიალი ერთმანეთის მისამართით… ეს ქართული რაგბი არაა… ეს არაა ის, რასაც ჩემი ბაბუა, მამა, მამის მეგობრები მიყვებოდნენ… ეს ის რაგბი არაა, რითაც ჩვენ ვამაყობდით …
ეს ის ურთიერთობები არაა, რასაც ჩემი მეგობრის ძველო მორაგბის ოჯახში ვისმენდი, ეს არაა საძმო, რომელიც ადრე ერთი დიდი ოჯახი იყო …
დღეს ბრძოლა არის პირველობისთვის მაგრამ ეს ადგილი გამარჯვების კვარცხლბეკი არაა. ეს სავარძელია – პრეზიდენტის სავარძელი…
ყოფილა გამარჯვებები, რომლითაც დღემდე ვამაყობთ ქართული რაგბის გულშემატკივრები, ყოფილა დამარცხება, რომელიც ვერ ვაპატიეთ საკუთარ “ლომებს“, მაგრამ მათ პატივსა და ღირსებას არასდროს შევხებივართ…
მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი, ვიქნები სუბიექტური და გამოგიტყდებით, როცა საქართველოს ნაკრები რუსეთთან თამაშობს… ენით აუღწერელ ემოციას განვიცდი. ეს არ ხდება მხოლოდ ერთ დღეს, ეს ემოცია იწყება იმ წამიდან, როცა გავიგებ რომ ქართველები სპორტული ბრძოლის ველზე დათვებთან უნდა გავიდნენ, მერე არის ბრძოლის დღე და მერე … საბედნიეროდ, ყოველთვის თავაწეულები გამოვდივართ …
წესი წესია, როგორც ყველა შეხვედრის ბოლოს გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა. მეც უნდა დავასრულო ჩემი სათქმელი, უფრო მეტის თქმა მსურდა, მაგრამ … ალბათ ისევე ვერ გადმოვეცი ჩემი სათქმელი, როგორც ჩემსავით გურულმა, მოსწავლე ნოდარ დუმბაძემ, რომელსაც მასწავლებელმა ჰკითხა:
– დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო?
– სამშობლო.. სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და…
– კიდევ? – ჩაეკითხა მასწავლებელი.
„ძალიან დიდხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე…“
ზუსტად ასეა, ვისაც ქართველი მორაგბეებისთვის ერთხელ მაინც უგულშემატკივრია, ვისაც ბურთივით გაჩხერია ყელში ცრემლი… ბოლო გადამწყვეტ მომენტში, ვისაც ერთხელ გულით დაუძახია, მიდი! მიაწვააა! – ის აუცილებლად გაიგებს, როგორი სამარცხვინოა ჩვენთვის, ჩვენი ლომებისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ის, რაც რაგბის კავშირში ხდება …
პ.ს. მე მჯერა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს პიროვნული გარჩევები და კიდევ მრავალჟამიერ ვნახავთ, მეტოქის საჯარიმოში გარდასახვის, ჯარიმის, არეკნის და ლელოს დამიწების უსაზღვრო სურვილით აღტკინებული ქართველების გამარჯვებას…
მორაგბეების რიგითი გულშემატკივარი – ნანიკო ჩხაიძე.






















