
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვითარება კონტროლირებადია.
„ქვეყანაში ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. რაც შეეხება აჭარას, კონკრეტულად კი ბათუმს, სიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა ვისაც სჭირდება სტაციონარული მომსახურება ისინი ამ დახმარებას იღებენ და ამის პრობლემა არ შექმნილა.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ის ოპოზიციის ლიდერების გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ხელისუფლებას კორონავირუსთან დამარცხებულებს უწოდებენ.
„მაშინ რა უნდა თქვან ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს ოპოზიციის ლიდერებმა?! ნამუსიც კარგი საქონელია რა. სიტუაცია მართული იყო თავიდანვე და კორონას მარტო საქართველო ვერ გააჩერებდა. სანამ კორონა დედამიწაზეა, საქართველოშიც იქნება.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ინფიცირებულთა არამზარდობა. ახლა როცა აჭარაში ამდენი პაციენტია, მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ მკურნალობის მხრივ. ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი გაუჭირდათ ამის მართვა, საავადმყოფოებში ადგილები არ ჰქონდათ.
მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს ბათუმში, რომ თითოეული არის გმირი. ყველა მათგანი მაქსიმუმს აკეთებს. დიდი მხარდაჭერაა აჭარის მთავრობიდან, ბატონი თორნიკე რიჟვაძის მხრიდან, რომელიც ყველაფერშია ჩართული და მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება.
იყო პრობლემები ტესტირებაზე, როცა პასუხები გვიანდებოდა, მაგრამ ყველაფერი დასტაბილურდა.
მინდა მივმართო მათ, ვინც მედიკოსებს აკრიტიკებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი იმაზე ისაუბრონ, რომ დღესაც კი ბათუმში ბევრი ადამიანი არ იცავს დისტანციას და პირბადეს არ ატარებს.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.






















