
„ეს შეზღუდვები რაც ჩვენთან არის, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაანახევრებს ინფიცირებულთა რიცხვს“, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვართ მიახლოებული საგანგებო ნიშნულთან. ხედავთ, რომ პესიმისტური პროგნოზები სამწუხაროდ რეალობაა. ჩვენ გარშემო ვხედავთ რამდენი ადამიანი არის დაინფიცირებული. ვხედავთ თუ რამდენი ადამიანი გარდაიცავალა.
საბედნიეროდ, დაახლოებით, სამი მეოთხედი გამოჯანმრთელდა კოვიდისაგან, მაგრამ სამწუხაროდ მსხვერპლი, რომელიც არის ძალიან დამაფიქრებელია. ერთადერთი გზაა, რომ ჩვენ ეს რამენაირად შევაკავოთ. ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც უფრო შემცირდება, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნება მსხვერპლი“, – აცხადებს იმნაძე.
მისი თქმით, ყველა მნიშნველოვანია ახალი დაავადებულების რიცხვი მაქსიმალურად შემცირდეს, რათა დანარჩენი პაციენტების მოვლა არ იყოს პრობლემა.
„გაზაფხულიდან ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა ელემენტარული იყო. ეს იყო ნიღაბის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა ადამიანებს შორის. ახლა ამას დაემატა სახელმწიფო რეგულაციები, ეს არის წერტილოვანი შეზღუდვები…
შემაჯამებელი ერთი კარგი ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ „ლანცეტში“, რომელიც ახლა ჯანდაცვის ექსპერტებმა უნდა იცოდნენ ეს ჟურნალი, სადაც არის ის შეზღუდვები, რაც ჩვენთან ახლა გამოიყენება, მათ შორის ღამე მოძრაობის შეზღუდვა, რამდენად ამცირებს რეპროდუქციის ინდექსს ანუ გამრავლების სიჩქარეს ვთქვათ, ავადმყოფების. დაახლოებით ერთ კვირაში- ორ კვირაში გაანახევრებს რეპროდუქციის ინდექსს ეს შეზღუდვები, რაც ჩვენთან გამოიყენება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალი დაავადებულების რიცხვი მაქსიმალურად შევამციროთ, რათა დანარჩენი პაციენტების მოვლა-პატრონობა არ იყოს პრობლემა“, – განაცხადა იმნაძემ.























