
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით შესაძლოა საზოგადოებას გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლით მოუწიოს.
ამის შესახებ მან გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„კოვიდ 19“-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების, მოგვიწევს ამაზე საკმაო ხნით გადაჩვევა.
ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს.
რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა.
რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები.
ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით „კოვიდ 19“-თან ცხოვრებას.
რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს.
უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირდა 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















