20:46 | 2020-12-31 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პანდემიის დროს გადავწყვიტე, მათთვის სახლები გამეკეთებინა – ქუთაისელი ქველმოქმედი

პანდემიის დროს გადავწყვიტე, მათთვის სახლები გამეკეთებინა – ქუთაისელი ქველმოქმედი

თუ ქუთაისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისთვის კომფორტულ და ლამაზ სახლებს გადააწყდით, არ გაგიკვირდეთ. ეს არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იდეაა და არც ცხოველთა უფლებების პროექტის ფარგლებში გაკეთებული საცხოვრისები.

 

იდეის ავტორი და შემსრულებელიც ადგილობრივი 35 წლის დავით ნუცუბიძეა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ცხოველებისთვის სახლებს ამზადებს და ქუთაისის ქუჩებში დგამს.

 

მიუსაფარი ძაღლების ბედი წლებია აწუხებს, ამიტომაც დიდი ფიქრის შემდეგ, მათთვის სახლების გაკეთება გადაწყვიტა და იდეას ფრთები ცოტა ხნის წინ შეასხა.

 

მისი ინტერესი მხოლოდ ქუჩის ძაღლების დახმარებაა. სწორედ ამიტომ ოთხფეხა მეგობრის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ქველმოქმედების სურვილი გაუღვიძა.

„სულ რამდენიმე ძაღლი მყავდა, ახლაც ჩვენი ოჯახის ბინადარი შავი ფერის ლაბრადორია. ქუჩაში მიუსაფარი ცხოველები რომ მხვდებიან, ყოველთვის განვიცდი და მინდოდა რამით დავხმარებოდი…

 

პანდემიის დროს გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა მათთვის კომფორტული სახლები და ქუთაისის ქუჩებში დამედგა. ცუდი პერიოდი დაემთხვა, ყველაფერი დაკეტილი იყო და ამიტომ, სახლში მოძიებული მასალებით და ასევე კეთილი ადამიანების დახმარებით 3 სახლის გაკეთება შევძელი, რომელიც ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე და ასევე, ავტოქარხნის ტერიტორიაზე დავდგი.

ახლა, როცა მაღაზიები გაიხსნა, სასწრაფო წესით შევიძინე სახლის გასაკეთებელი საჭირო მასალები და მალე 10-მდე სახლს დავამზადებ.

 

საოცარი განცდაა, როცა ქუჩაში შენს გაკეთებულ და დადგმულ სახლებს ხედავ და იქ ძაღლები და ლეკვები თბილად წვანან. დღეს, ამ სახლებს სამჯერ ჩავუარე და გული სითბოთი ამევსო. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რასაც ვაკეთებ და ვიღებ.

 

3 წელი ვიმუშავე თურქეთში ძაღლების სასტუმროში. ადგილობრივებს მოჰყავდათ ოთხფეხა მეგობრები, რომელსაც ვაჭმევდით, ვასეირნებდით და ვბანდით.“ – ამბობს დათო.

ამ ეტაპზე დათო ნუცუბიძე ძაღლებისთვის სახლების კეთებით არის დაკავებული. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცოტა დროს არ მოითხოვს. სჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით, ქუთაისის ქუჩებში კიდევ არაერთ სახლს დადგამენ და ქუჩის ძაღლებს ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X