
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე აცხადებს.
„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, – ამბობს გახარია.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება.
„გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის თაობაზე და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებითაც სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას იმისთვის, რომ რესურსი, ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის კაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ირანიდან გუშინ შემოვიდა. ის ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
რედაქციის შენიშვნა!!!
კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად და თავის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძირითად რეკომენდაციებს ავრცელებს და საზოგადოებას მათი შესრულებისკენ მოუწოდებს.
ხშირად დაიბანეთ ხელები
ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
რატომ?
ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა
ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
რატომ?
ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.
ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.
შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია
შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
რატომ?
რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი ჩOVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს
რატომ?
ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული. თუ დაბინძურებული ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.
თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი ჩOVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოეს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.
რატომ?
ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.
თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ ჩინეთში მოგზაურობის ისტორია, ზედმიწევნით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
რეკომენდაციების ქართულენოვანი ვერსია დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა.






















