
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო ზონიდან, ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარიზი-თბილისის რეისზე დაბრუნებულ 47 წლის ქალს, მაღალი ტემპერატურა დღეს დაუფიქსირდა.
ის, დროებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით კი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და აქვს თუ არა კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში, საფრანგეთიდან დაბრუნებული 46 მოქალაქეა მოთავსებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















