16:02 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

პარიზიდან დაბრუნებულ მგზავრს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია

პარიზიდან დაბრუნებულ მგზავრს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია

„თბლისი-პარიზის რეისით საქართველოში დაბრუნებულ მგზავრს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, კახეთის გუბერნატორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 47 წლის ქალი, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში, პროტოკოლის დაცვით გადაიყვანეს.

ამავე თემაზე: 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საფრანგეთიდან დაბრუნებული პირი მოათავსეს
2020-03-16აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საფრანგეთიდან დაბრუნებული პირი მოათავსეს

„ყველაფერს აქვს თავისი წესი და ეს წესები იყო დაცული. ამ მგზავრს, სამედიცინო პერსონალის გარდა, კონტაქტი არავისთან ჰქონია. მას შემდეგ, რაც მას დაუფიქსირდა ტემპერატურა, მოათავსეს საავადმყოფოში, ასევე წესების დაცვით“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კი საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში საკარანტინო ზონები მოძიებულია.

 

„თუ დაგვჭირდა, ასეთი ადგილები მოძიებულია. ყველა ერთობლივად ვმუშაობთ ამ საკითხზე. დღეს, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზეც განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიცია ერთად აკონტროლებენ. ალბათ ამ პირების რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩვენი მოქალაქეები, ვინც ბრუნდებიან, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის რეჟიმს ექვემდებარებიან“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში თვითიზოლაციაშია 110 პირი, საკარანტინო ზონაში რჩება 30, ხოლო თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის, იძულებით კარანტინში გადაყვანილთა რიცხვი 7 მოქალაქემდე გაიზარდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X