12:09 | 2021-02-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოსწავლეების მშობლებს აწუხებთ – მოკლედ და დეტალურად

პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოსწავლეების მშობლებს აწუხებთ – მოკლედ და დეტალურად

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მათგანი მიიჩვევს, რომ ბავშვებში ინფექციის გადადება-გავრცელების რისკი მაღალია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დისტანციური, ონლაინ-სწავლება ბავშვის განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებას მკვეთრად ამცირებს.

 

 

რა კონკრეტული წესების დაცვა მოუწევს სკოლებს და რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად – ამას უწყებაში დეტალურად განმარტავენ.

 

რა უნდა იცოდნენ სკოლებმა საკლასო სწავლების დაწყებამდე

 

 

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ, 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

 

 

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.

 

 

 

რას გვთავაზობს განათლების სამინისტრო

 

 

სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლეტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

 

სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა;

 

სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები;

 

სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა;

 

საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი;

 

სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება;

 

თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა;

 

სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 

დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის;

 

სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება;

 

მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.

 

სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები:

 

სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა;

 

ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია;

 

უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

 

ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;

 

დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.

 

სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა

 

 

მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება.

 

 

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

 

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვთავაზობს 4 რეგულაციას, რომელიც მოსწავლეებს ინფიცირების რისკს შეუმცირებს:

 

რისკის შემცირების ეფექტური საშუალება იქნება სკოლის კვება არა საერთო კვების პუნქტში, არამედ საკლასო ოთახებშივე ინდივიდუალურად შეფუთული საკვების პაკეტების და ერთჯერადი ჭურჭლით (ბევრ ქვეყანაში ისედაც ასეთი კვებაა). ეს ისედაც კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენს სკოლებში ჰიგიენის პრობლემების გამო, წვეთებით და კონტაქტური გზით გადამდები სხვა რესპირაციული ინფექციები და დიარეული დაავადებები ელვის სისწრაფით ვრცელდება ხოლმე და ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ საკვები პუნქტების დაბალი ჰიგიენური დონეა. პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია მონდომების და სურვილის შემთხვევაში.

 

იმ სკოლებში, სადაც ბავშვები სხვადასხვა კაბინეტში შედიან, გადაერთონ მოსწავლეების ერთ ოთახში დარჩენის მოდელზე და ამ გზით სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდება.

 

ბებია-ბაბუებს აეკრძალოს ბავშვების სკოლაში ტარება, რომ თავიანთი ბავშვების გარდა სხვებთანაც არ შევიდნენ კონტაქტში.

 

დათბობასთან ერთად მოიმატოს ღია სივრცეში ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობამ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოზარდებმა პირბადე ატარონ – მე-5 კლასამდე  სავალდებულო არა, თუმცა, რეკომენდირებულია. გარდა პირბადის ტარებისა, უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ხელები ხშირად დაბანონ და ასევე, საკლასო ოთახები ხშირად გაანიავონ.

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვი გვირჩევს, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ სკოლაში სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენოს.

 

 

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს“.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც სკოლასა და COVID-19 -ს ეხება

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X