
დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო ინფექციური საავადმყოფოს ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ არ ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც ქირურგიული, ნევროლოგიური ან ტრავმატოლოგიური გამოვლინებები აქვთ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„ამჟამად ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იმყოფება 45 პაციენტი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 10 პაციენტს და ათივე პასუხი ნეგატიური იყო. ჯერჯერობით ჩვენთან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია 120 პაციენტის მიღება, აქედან 50 განკუთვნილია საშუალოდ მძიმე და მძიმე პაციენტებისთვის. დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო ინფექციური საავადმყოფოს ნაწილს წარმაოდგენს, ამიტომ ჩვენ არ ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც ქირურგიული, ნევროლოგიური ან ტრავმატოლოგიური გამოვლინებები აქვთ. ასეთმა პაციენტებმა სხვა კლინიკებს უნდა მიმართონ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 47 ადამიანს.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.
მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება






















