
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას.
„დღეს, ჯანდაცვის სისტემაში სრული მზაობაა იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აიცრან. ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად მოწყობილი სესიების მეშვეობით აიცრან, რათა გარანტირებულად ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათივე გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მათ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აქტიური კონსულტაციები გვაქვს განათლების სამინისტროსთან, რათა სექტორის შიგნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო სექტორის პერსონალის მოწვევა. ვაქცინაციაში ძალიან ბევრი ჩაერთო და იცრება. საუნივერსიტეტო სივრცეში, ვაქცინაციის დიდი ცენტრის მოწყობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.






















