
თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ რამაზ გიორგობიანს მეგობრები. ეს გამორჩეული და უნიჭიერესი მსახიობი ადრეეულ ასაკში გარდაიცვალა. 49 წლის მოულოდნელად წავიდა, ინსულტით.
ამბობენ, რომ ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც თავისი პირველი ფილმისთვის “გიორგობისთვე” მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. შემთხვევით, უნივერსიტეტში უპოვია. რამაზი ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, იოსელიანის ასისტენტს მათემატიკის ოლიმპიადაზე უნახავს.
ოთარ იოსელიანმა რამაზის გმირით ქართულ კინოში ახალი სახე შემოიყვანა… გიორგობიანი მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, დაამთავრა, მოგვიანებით კი, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში, კინოსარეჟისოროზე განაგრძო. თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი, რამაზი კი მის ჯგუფში მოხვდა.
დაუვიწყარი სახეები შექმნა ფილმებში – “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “მხიარული რომანი” (საკუთარი თავი ამ ფილმში არ მოსწონდა თურმე), “სერენადა”, “ქოლგა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”… როგორც რეჟისორმა ოთხი ფილმის გადაღება მოასწრო. უკანასკნელი ფილმი, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო, იყო “მორევი”, რომელშიც ასევე თამაშობდა…
დღეს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა. მსახიობი 75 წლის გახდებოდა.

იუბილარ რამაზს “პრაიმტაიმთან” ვაჟა ზაზაევიჩის მდივანი, “ცისფერი მთების” თინა იხსენებს. ნინო თუთბერიძე და რამაზ გიორგობიანი კურსელები ყოფილან.
ნინო თუთბერიძე: – სერიოზული, ჭკვიანი, ნიჭიერი იყო, მაღალ ფეხებზე იდგა… სახასიათო გარეგნობა ჰქონდა და სახასიათო გარეგნობა კინოში ფასობს. თავიდანვე ჩანდა, რომ “გაქაჩავდა”.
მის მიერ შესრულებული პერსონაჟებიდან, ყველაზე მეტად მაინც სოსოს გავდა. უთქმელი ბიჭი იყო. არც პოლემიკაში შევიდოდა ვინმესთან, უკონფლიქტო, წყანი, მშვიდი ადამიანი იყო. ჰოდა, შეაწუხე ვინმეო, ვაჟა ზაზაევიჩი რომ ეუბნება, ასეთი მორიდებული იყო.
ელდარ შენგელაია ჩვენი პედაგოგი იყო. “ცისფერ მთებზე” არაჩვეულებრივი ჯგუფი შეკრიბა. გეგონებოდა, ყველა შენი ახლობელი იყო, როგორც კამერის უკან მდგომი ადამიანები, ასევე სამსახიობო ანსამბლიდან. როლებს ისე ანაწილებდა, არასდროს ცდებოდა.

სინჯებზე დამიბარეს. ბევრი განიხილებოდა თინას როლზე. ერთ-ერთი მსახიობის ყველაზე მეტად მეშინოდა. არ დავასახელებ, რა თქმა უნდა. ჩემს კონკურენტად ვთვლიდი. ნიჭიერი ქალბატონი იყო და ვიზუალურადაც, დაახლოებით, ერთ სტილში გავდიოდით. საბოლოოდ, ელდარმა არჩევანი ჩემზე გააკეთა, მას კი გული დაწყდა. სცენარს ისეთი კარგი სუნი ასდიოდა, მაშინვე ეტყობოდა, რომ საინტერესო ფილმი უნდა გამოსულიყო.
31-32 წლის ვიყავი “ცისფერი მთების” გადაღების დროს. კოსტიუმების მხატვარს ჩემი არჩეული კოსტიუმები მივუტანე, მან შეარჩია თინას “ლუქი” და საინტერესოც გამოვიდა.
მაღალი ვარ, 177 სანტიმეტრი, 14 სანტიმეტრიან ქუსლზე ვიდექი, თან გვერდზე მოქცეული გრძელი თმის კუდი მქონდა და ბატონი ელდარი “ლაშადკას” მეძახდა. ვიღაცამ თქვა, ნინო ისედაც მაღალია და ამხელა ქუსლები რაღად უნდაო, მაგრამ ბატონ ელდარს ასეთი მოვწონდი, არა, კარგიაო და ასეთი ვიზუალით დამტოვა.

ფილმის გადაღების პარალელურად ბათუმში, თენგიზ ჩანტლაძის თეატრიდან “სატირა და იუმორი” გასტროლით დავდიოდი. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი ამ თეატრის მსახიობი.
“ორ ბატს ვერ მიაბარებს კაციო” – ვაჟა ზაზაევიჩი რომ ამბობს თინაზე, ამ ფრაზაზე მაშაყირებდნენ ხოლმე. ფილმის გამოსვლის შემდეგ, სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველა მცნობდა.
რამაზი სულ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. იყო მოწესრიგებული და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით.
ძალიან საყვარელი ადამიანი იყო თემიკო ჩირგაძე. შეეძლო ერთდროულად ეკეთებინა რამდენიმე საქმე, როგორც მის გმირს. ერთსაც პასუხობდა, უცებ მეორესაც, იქით – მეც… ყველა “ხაზზე” ჰყავდა და კონტაქტობდა.

კიდევ გადაღებული ვარ თამაზ გომელაურის ფილმში “კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “გზა მშვიდობისა”. ელდარმა ასევე გადამიღო თავის “ექსპრეს ინფორმაციაში”.
ახლა სახლში ვარ. მარტო ვცხოვრობ. ერთხელ ვიყავი გათხოვილი. სამწუხაროდ, შვილი არ გამიჩნდა… დავრჩი ასე.























