
სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 6 ათასამდე იქნება. ამის შესახებ „საერთაშორისო ფონდი კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მასში მიმოხილულია როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს მაგალითები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეფექტურ მუშაობასა და ქვეყნის მომავალ პროგნოზებზე.
კვლევაში ერთ-ერთი მოდელის (COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics) გამოყენებით მოცემულია მაგალითები, რა შედეგი შეიძლება დადგეს ქვეყანაში და რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ვირუსის გავრცელების პიკს.
კვლევის მიხედვით, სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 6 ათასამდე იქნება. თუ კონტაქტები 10%-ით შემცირდება, ეპიდემიის პიკი ივნისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს 4174-მდე შეამცირებს.
რაც შეეხება კონტაქტის 20%-ით შემცირებას. ასეთ დროს ეპიდემიის პიკი მე-17 კვირას, ანუ ივლისის დასაწყისში იქნება, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 2 600 მდე დაიკლებს.
ხოლო კონტაქტების 30%-ით შემცირების დრო ეპიდემიის პიკს აგვისტოში უნდა ველოდოთ. მაჩვენებელი კი 1 418-მდე დაიკლებს.

იმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 29 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო და გადაადგილების რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.






















