
მსახიობი გიორგი ნაკაშიძისთვის პანდემიური ქცევის ნორმები კომფორტად იქცა. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ნიღბით სიარულით ამოისუნთქა, რადგანაც ასე, როცა ვერავინ ცნობს, ბევრად თავისუფალია.
გიორგი ნაკაშიძე: – მართალი რომ გითხრათ, ამოვისუნთქე. მსახიობს ცნობადობა რაღაცნაირად გზღუდავს. 28 წელია ჩემს პროფესიაში ვარ, წარმატებულ სპექტაკლებსა და სხვადასხვა ფესტივალებზე გამარჯვებულ ფილმებში მითამაშია.
როცა ახალგაზრდა ხარ, ეს ყურადღება გსიამოვნებს. მერე ასაკის მატებასთან ერთად, ქუჩაში ეს ყურადღება დამღლელი ხდება. თითით აჩვენებენ შენზე, ეს ის არის? მოდიან, სელფებს იღებენ. რამდენი სელფი შეიძლება გადაიღო? თან ვთხოვ, ფეისბუქზე არ დადონ. ნარცისივით ვიღაცასთან ერთად სოციალურ ქსელში გამოფენა, არ მსიამოვნებს. თუ საჭიროება არ მოითხოვს, ასე ხშირად არ უნდა ჩანდეს არტისტი. პირადი სივრცე ყველას სჭირდება.
ამდენად პირბადემ ერთგვარი სიმშვიდე მომანიჭა.
მსახიობი ქართველების, როგორც მცირერიცხოვანი ერის, თემასაც ეხება, რომ არ გვაქვს ამ ომის დროს შეცდომის დაშვების და გადაშენების უფლება, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მივყვეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს.
გიორგი: – არტისტი პრიზმით უყურებს სამყაროს და მისი მოვალეობაა მხავტრული სახით გამოხატოს სათქმელი. მე ეს ენერგია მაწვება და ხან ფოტოებით გამოვხატავ სათქმელს, ხან ფეისბუქ-პოსტებით.
სამყარო ისე აჩქარდა, ადამიანის სული მის ფიზიკურ სხეულს ვეღარ ეწევა. სული ფიქრისთვის გვაქვს. ცხოველისგან განსხვავებით ფიქრი გვახასიათებს. და მოულოდნელად, ამ კოვიდისგან დატორმუზებულებმა, ყველაფერში პოზიტივი უნდა ვეძებოთ.
ის, ვინც ბევრს ვფიქრობთ, წიგნებივით დავალაგეთ ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ახლა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, პროფესიაში რა უნდა შევცვალოთ…
პანდემია ომია და ომი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენი ქვეყანაც მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილია. ომი რომ დამთავრდება, ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვის უნდა გვეშინოდეს, რომ არ გავქრეთ საერთოდ. არ გვაქვს სიკვდილის უფლება. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველაფრის მიმართ. და დავუჯეროთ პროფესიონალებს.
მსახიობი “ფეისბუქზე” ხშირად წერს პანდემიური სიტუაციების ინსპირაციით გაჯერებულ პოსტებს.
“ჩვენდა სამწუხაროდ, COVID-19 უნდა გავრცელებულიყო, რომ თბილისში ასეთი სიჩუმე, წკრიალა ჰაერი, დილით ცარიელი და დღის განმავლობაში ზომიერი რაოდენობის ფეხით მოსიარულე, ველოსიპედებით მოძრავი ადამიანი დაგვენახა?
ლამის სუპერმარკეტს ოთხმოცდაათიანი წლების “გ ა ს ტ რ ა ნ ო მ ი დავარქვა. რიგში პირბადე წაკრული, ოთხმოცდაათიანებში გამობრძმედილი ადამიანები და ჯერ კიდევ გამოუცდელი ახალგაზრდები დგანან, სოციალური დისტანციის დაცვით. 5 G-ის მავნებლობაზე, ვირუსის წარმომავლობის სხვადასხვა წყაროზე და საზოგადოდ საქართველოს მომავალზე უშიშრად საუბრობენ, ხმას უწევეეენ! პირბადე ხომ ანონიმურს ხდის ადამიანს. მთავრობას აკრიტიკებენ ან იცავენ, მსოფლიოს მართლაც რომ დიდ გაუგებარ მომავალზე დაბნეულები კითხულობენ – თუ რა ეშველებათ?” – წერს ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.
– და ახლა რას საქმიანობთ?
– ვორონცოვზე ბებიაჩემის დატოვებულ სახლში ვარ და ვალაგებ. ძველი ნივთები გამოვალაგე და გაჩნდა პროექტის იდეაც. გავაკეთე პაპკა – “პანდემია” და ვაგროვებ ფოტოებს. პროექტს მინდა დავარქვა – უსულო ნივთების სოციალური დისტანცია. ყველა ნივთი – პატარა თუ დიდი, ერთმანეთისგან დაშორებულია. არ ვიცი, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, თუმცა ახლა ფოტოდღიურებს ვაწარმოებ.






















