
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 5 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 82 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, აპარატიდან მოიხსნა და კონტაქტურია.
„გვყავს 82 წლის ქალი, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიპათისს გამო გართულებული პრობლემებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალი აპარატიდან მოიხსნა, კონტაქტური და ადეკვატურია.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ამ ქალს ბოლო 30 წელია აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინზე. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ფორმებით გართულებული, კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს“, – განაცხადა რატიანმა.
ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















