
ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო ქართულ თეატრალურ სამყაროში. კაშკაშებდა სცენაზე, კინოში, ცხოვრებაშიც…
ქართული კინოსა და სცენის მშვენებამ, არაერთი დაუვიწყარი როლის შემქმნელმა, მსახიობმა მედეა ჩახავამ 88 წელი იცოცხლა და მთელი შეგნებული ცხოვრება თავის პროფესიას შეალია. სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე და მაყურებლისთვის დიდი სიამოვნება მოჰქონდა. თეატრი უფრო უყვარდა, მაგრამ კინომ დიდი სიხარული და პოპულარობა მოუტანა. არადა, მხოლოდ 16 ფილმში გადაიღეს.
მოძრავი, ხალისიანი, პლასტიკური იყო. უყვარდა ცეკვა. თვით ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილს ახალგახსნილ ჯგუფშიც კი ცეკვავდა, ეტრფოდა ხელოვნებას, თეატრზე გიჟდებოდა…
ბევრი ნატრობდა მის ნიჭს, მშვენებას, მომხიბვლელ ღიმილს, წარმატებულ როლებს და ამ ყველაფერთან ერთად უბრალოებას. უყვარდათ, პატივს სცემდნენ და ადიდებდნენ. 11 წლის წინ, 2009 წლის 7 სექტემბერს 88 წლის ასაკში გადაინაცვლა ზეციურ საქართველოში და დატოვა სახელი, უამრავი მოგონება…
მასზე ყველაფერი ითქვა და დაიწერა, ფოტოები კი რომელიც ამ დრომდე, ქართული ხელოვნების და უბრალოდ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პირად არქივში ინახება, დღის სინათლე სწორედ ახლა ნახა.
მედეა ჩახავას უცნობ ფოტოებს, ამ დრომდე სათუთად უვლის და ინახავს თეა ასლამაზაშვილი. ის წლების განმავლობაში ბავშვთა ფედერაციაში მუშაობდა. 90-იანი წლების ბოლოს თეას და მის თანამშრომლებს გაუჩნდათ იდეა, პატარებისთვის შავ-თეთრი ცხოვრება ოდნავ მაინც გაეფერადებინათ. ასე დაიბადა საბავშვო თეატრალური ფესტივალი „მხიარული ნიღბები“.

ეს ფოტოები სწორედ ფესტივალის პერიოდს ასახავს. მასზე მედეა ჩახავასთან ერთად სხა კორიფეებსაც ამოიცნობთ.

„90-იან წლებში, ბავშვთა ფედერაციაში ხელოვნების ბანაკები გვქონდა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ბავშვები, მიგვყავდა ბორჯომში, ურეკში ა.შ. 1997 წლის შემოდგომაზე, გაჩნდა იდეა, რომ ჩაგვეტარებინა სხვადასხვა ფესტივალები. მაგალითად მუსიკალური ფესტივალ „ბროლის ნაძვში“, დღევანდელი ცნობილი მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე გვქონდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი და მესამე – თეატრალური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული თეატრალური კოლექტივები. მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში. ეს ფესტივალები იყო ბავშვებისთვის ნათელი წერტილი. სამწუხაროდ დაფინანსების არარსებობის გამო, ფესტივალმა მხოლოდ სამი წელი იარსება. 2002 წელს, კოლექტივების თხოვნით, გადავწყვიტეთ თანადაფინანსებით განგვეახლებინა თეატრალური ფესტივალი. დავიწყეთ ფიქრი ჟიურიზე, ამ ფესტივალის იდეის ავტორთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჟიურის თავმჯდომარედ მედეა ჩახავა ავირჩიეთ. როდესაც მას პირადად დავურეკე და ვუთხარი რატომაც ვაწუხებდი, შეთავაზებაზე დაფიქრდა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ დამთანხმდა, რატომაც არაო. ყოველწლიურად იცვლებოდნენ ჟიურის წევრები, მედეა უცვლელი იყო. ძალიან მოსწონდა სამუშაო პროცესი. კვირეულის ფარგლებში დღეში სამი სპექტაკლის ნახვა უწევდა. ჩემდა გასაკვირად, სამივე სპექტაკლს ბოლომდე ესწრებოდა, დღის ბოლოს შემაჯამებელ განხილვაზეც იღებდა მონაწილეობას და არ ტოვებდა უყურადღებოდ არც ერთი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელსაც კი. მაშინ უკვე ასაკში იყო, თუმცა მასზე ბევრად ახალგაზრდებზე მხნედ გამოიყურებოდა. ძალიან ენერგიული და მხიარული გახლდათ. ამ ფესტივალმა სამი წელი იარსება. მერე მირეკავდა და მეკითხებოდა, ფესტივალი წელსაც არ ჩატარდებაო, არც მომავალ წელსო. გული სწყდებოდა, რომ აღარ გაგრძელდა, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებზე იყო დამოკიდებული. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მას არასდროს აუღია ჰონორარი ფესტივალზე როგორც ჟიურის თავმჯდომარეს, უბრალოდ ტკბებოდა იმ საქმით რასაც აკეთებდა. პირად ურთიერთობაში ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ბავშვები მასზე გიჟდებოდნენ. მათ მასტერკლასსაც უტარებდა და იყო საოცარი სანახაობა. ის არიგებდა სიყვარულს უანგაროდ. ასე ახლოს მაშინ გავიცანი. მასთან ყოველი წამი ზეიმი იყო. სამწუხაროდ, როცა შეუძლოდ გახდა, სანახავად მისვლა ვერ გავბედე, დავურეკე და ტელეფონზე მისმა შვილმა მაკა მახარაძემ მიპასუხა. ქალბატონი მედეა უკვე საავადმყოფოში იყო, საუბრის თავი არ ჰქონდა. ეს ფოტოები აქამდე ჩემს პირად არქივში ინახებოდა. ძალიან გამიხარდება თუ ქალბატონ მედეა ჩახავას ჩემი ფოტოების წყალობით კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.“ -ამბობს თეა ასლამაზაშვილი.





ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი






















