14:41 | 2020-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

პირველად ქართული კინოს ისტორიაში – “შინდისის” მონტაჟისთვის ლევან კუხაშვილმა პრიზი აიღო

პირველად ქართული კინოს ისტორიაში – “შინდისის” მონტაჟისთვის ლევან კუხაშვილმა პრიზი აიღო

მადრიდის აზიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი “შინდისი” ორი ნომინაციით იყო წარდგენილი – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი და მონტაჟი. ფილმის ოპერატორი კონსტანტინე მინდია ესაძე მხოლოდ ნომინირებული გახლდათ, მონტაჟის რეჟისორი ლევან კუხაშვილი კი დღეს ფესტივალმა დააჯილდოვა. ქართული კინოსთვის ეს არის პირველი ჯილდო მონტაჟში და ისიც ფილმი “შინდისის” – ჩვენი უახლესი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფილმის. ამდენად, ლევანის ჯილდო ორმაგად მნიშვნელოვანია ქართული კინემატოგრაფიისთვის.

 

პანდემიის გამო შემოქმედებითი ჯგუფი დაჯილდოვების ცერემონიალს ვერ ესწრებოდა. ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი, ედმონდ მინაშვილი აღნიშნავს, რომ “შინდისი” ისევ აგრძელებს გამარჯვებას და ამით ბედნიერია.

 

 

ედმონდ მინაშვილი: – შვილის პედაგოგი რომ იგებს და გიხარია, დაახლოებით ასეთი ემოცია მაქვს. “შინდისი” ბრძოლას კიდევ აგრძელებს. წინ ბევრი ფესტივალი და გამარჯვება გველოდება. გულწრფელად ვულოცავ ლევანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ძალიან მაღალი დონის მემონტაჟეა. სხვათა შორის, სხვადახვა ფესტივალებზე ხშირად აღნიშნავდნენ ამ ფილმის მონტაჟის რეჟისორის ნამუშევარს, ისევე როგორც ოპერატორის ნამუშევარს, გრიმს, სპეცეფექტებს… მიხარია, რომ ლევანთან ერთად ვიმუშავეთ. საქართველოში ბევრი არ არის მონტაჟის პროფესიონალი. ამ წარმატებას “შინდისის” მთელ შემოქმდებით ჯგუფს ვულოცავ. წინ კიდევ არაერთი პროექტი გველოდება.

 

ლევან კუხაშვილმა “შინდისამდე” არაერთ ფილმზე იმუშავა, მათ შორის ბოლო ნამუშევრებია ფილმები – “დედე” და “ცუდი ხალხი”. გამარჯვებამ ძალიან გაახარა. მონტაჟის რეჟისორი ერთგვარი გულისტკივილით ამბობს, რომ საქართველოში მისი პროფესია დაუფასებელია.

 

 

ლევან კუხაშვილი: – გამიხარდა, რომ ამ ეროვნულმა ფილმმა ისევ აიღო პრიზი და ჩემი ნაშრომიც აღნიშნეს. მართალია ჩვენ ამ ომში არ გაგვიმარჯვია, მაგრამ ფილმში ჩვენი ემოცია ჩანს.

 

ფილმის გადაღების დროს 2008 წლის ომის ემოციები გვქონდა და გვინდოდა, ის საზარელი მომენტები გადმოგვეცა, რაც ჩვენმა გმირებმა გაიარეს. გადაღებები გორში გვქონდა და ყველას გვდევდა ამ ომის ემოცია. ოპერატორებმა – მინდია ესაძემ და გელა ჩინჩალაძემ საოცრად იმუშავეს.

 

– ფილმიდან საყვარელ მომენტს ვერ დაგვისახელებთ?

 

– დათო ბახტაძის გმირი რომ მიდის და ხედავს, როგორ წვავენ რუსი სამხედროები მოსახლეობას, უნდა გაისროლოს, მაგრამ თავს იკავებს, ვერ რისკავს და ბოლოს მას ხვდება ბრმა ტყვია და იღუპება… ჩემთვის ესაა ფიმში მთავარი ნაწილი. დათოს გმირი ამ სოფლის კრებითი სახეა.

 

 

– პირველად დაჯილდოვდით, არა?

 

– მემონტაჟეს არავინ აფასებს. ან “ოსკარზე” უნდა მოხვდე, რომ ამ ნომინაციით პრიზი აიღო, ან კიდევ რომელიმე დიდ კინოფესტივალზე. დაუფასებელი შრომაა. მონტაჟი კინოს ბექგრაუნდია, რომელიც კინოს აკეთებს. რეჟისორების 90 პროცენტი თვლის, რომ მონტაჟი ქმნის ფილმს. ამ პროცესში ფილმი თავიდან იქმნება. სცენარი სულ სხვა იყო, მონტაჟის დროს შეიცვალა.

 

– დიტო ცინცაძე რამდენად ერეოდა მონტაჟში თუ ყოფილა ისეთი მომენტები, რომ ვერ შეთანხმდით?

 

– რეჟისორი აწყობს პირველ მონტაჟს. მერე მონტაჟის რეჟისორი დამოუკიდებლად მუშაობს. ბოლოს რეჟისორი გიდასტურებს ან მოსწონს ან – არა. ბევრჯერ არ დამთხვეულა ჩემი და დიტოს აზრი ერთმანეთს. ამ დროს უთმობ რეჟისორს. თითქმის ყველა რეჟისორთან მქონია ასეთი უთანხმოება. მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებ. ცოლ-ქმრის ურთიერთობასავით არის, სააშკარაოზე გამოტანა რომ არ გინდა. არ ითქმება. ეს ჩვენთან რჩება.

 

 

კინოოპერატორი კონსტანტინე მინდია ესაძე რეჟისორის, რეზო ესაძის ვაჟია. მისი ფილმოგრაფია ასეთია: ანა ურუშაძის “საშიში დედა”, ილო ღლონტის “რატომ ვართ ერთად”, რუსუდან ჭყონიას “გაიღიმე”, ზაზა ურუშაძის “ყარაბახი – უკანასკნელი მოგზაურობა”, ალეკო ცაბაძის “რენე მიდის ჰოლივუდში”, დიტო ცინცაძის “შინდისი”, გიგა აგლაძის “სხვა მე”, ლევან თუთბერიძის “სამურაი დასვენების ჟამს”, ზაზა კოლელიშვილის “ომი და ქორწილი”, მარიამ ხაჭვანის “დედე”, რესო ესაძის “თვე როგორც ერთი დღე”. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია. აღებული აქვს ბევრი პრიზი.

 

რეზო ესაძის დაკრძალვას კარანტინში მყოფი შვილი ვერ დაესწრება - „ტირის და განიცდის
2020-04-18რეზო ესაძის დაკრძალვას კარანტინში მყოფი შვილი ვერ დაესწრება - „ტირის და განიცდის"

 

 

მინდია ესაძე: – მე ჩემს ნომინაციაზე “ფეისბუქზე” არც დავწერდი, “შინდისი” რომ არ ყოფილიყო ნომინირებული. ეს ფილმი ორმაგად მნიშვნელოვანია. ეს ნომინაცია შინდისელი ბიჭებისაა! ჩვენთვის მტკივნეულ თემას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ნებისმიერი გზა და ფორმა, რომელიც ემსახურება ჩვენი უახლესი ისტორიის მსოფლიოში გატანას და ნებისმიერი ადამიანის თვალსაწიერში მოხვედრას, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ მხატვრული ნაწარმოებია, “შინდისი” ჩვენი ისტორიიდან მნიშვნელოვანი სათქმელია. კარგია, რომ სხვა ხედავს და აღნიშნავს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X