11:23 | 2021-11-09 ავტორი: თამარ გონგაძე

…პირველად ცხოვრებაში დეპრესია მაქვს…” – რა უთხრა კოვიდზე უკანასკნელად „პრაიმტაიმს“ გელა ჩარკვიანმა

…პირველად ცხოვრებაში დეპრესია მაქვს…” – რა უთხრა კოვიდზე უკანასკნელად „პრაიმტაიმს“ გელა ჩარკვიანმა

გელა ჩარკვიანის ფეისბუქზე გამოქვეყნდა ლექსი სახელწოდებით – “იზოლაცია. დეპრესია. სიზმარი”

 

“შემეკითხა კოვიდე:
„შენთან ხომ არ მოვიდე?“
ვუპასუხე გულგახეთქვით,
თუ არ მომკლავ, მოდი-მეთქი.
(გაიღიმა)
მაგას ვერ შეგპირდებიო,
სპეც-სიაში მჭირდებიო.”

 

გაჩნდა ეჭვი, კორონავირუსი ხომ არ შეეყარა მწერალსა და დიპლომატს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვირუსი არა, მაგრამ დეპრესიული განწყობა აქვს უკვე ექვსი თვეა.

 

გელა ჩარკვიანი: – კორონა არ მაქვს. ექვსი თვეა ცუდად ვარ. ფიზიკურად ვარ ცუდად. 82 წლის ვარ, კაცო. არაფრის თავი არ მაქვს. არც ინტერვიუ მიმიცია, არც არსად გამოვჩენილვარ.

 

პანდემიით გამოწვეული დეპრესია მაქვს. ჩემ დღიურებს გადავხედე და 2019 წელი ისეთი აქტიური მქონდა… 2020 წლის პირველი თვის შემდეგ ნელ-ნელა წყდება ყველაფერი.

 

მოკლედ, მძიმედ ვარ… ვერც ვწერ, ვერც ვუკრავ. სურვილი არ მაქვს. მთელი ცხოვრება, ყოველდღე ერთ საათს მაინც ვუკრავდი ფორტეპიანოზე. აღარ ვუკრავ. არც მახსოვს, ოდესმე თუ ვუკრავდი. დეპრესიაც ხომ სურვილების დეფიციტია. არაფერი აღარ გინდა.

 

პირველად ვარ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში. 82 წლის რომ ხარ, წინ რა გაქვს? არაფერი…გარდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტისა. თუმცა ამ მომენტის დადგომა შენზე არ არის დამოკიდებული.

 

ნახეთ ვიდეო ↓

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X