19:09 | 2020-04-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პირველად ვითხოვ დახმარებას… ის, რაც თქვენ არ გჭირდებათ, ჩვენთვის ძალიან საჭიროა – პანდემიის გამო უმუშევარი მარტოხელა დედა

პირველად ვითხოვ დახმარებას… ის, რაც თქვენ არ გჭირდებათ, ჩვენთვის ძალიან საჭიროა – პანდემიის გამო უმუშევარი მარტოხელა დედა

ადამიანები უკეთესი ცხოვრების საძებნელად ძირითადად, სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ხშირად – საზღვარგარეთაც.

 

ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ საქართველოშიც შემოაღწია და დაპაუზებულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანაშიც ყველაფერი გაჩერდა.

 

სწორედ ამის გამო, ორი შვილის მარტოხელა დედა დახმარების მიზნით, „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა.

 

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა დახმარებას ვითხოვ, მაგრამ მოხუცი მშობლებისა და შვილების გამო, იძულებული ვარ ასე მოვიქცე.

 

აქამდე ყველა სირთულეს ჩემი შრომით ვებრძოდი და ელემენტარული პირობების შექმნას ვახერხებდი…“ – ასე დაიწყო საუბარი სასოწარკვეთილმა დედამ.

 

ეკა მამულაშვილი რესტორანში მუშაობდა, მწირი ხელფასით ბინის ქირის გადახდასაც ახერხებდა და მოხუცი მშობლებისა და შვილების გამოკვებასაც.

 

თუმცა, კორონავირუსის გავრცელებისთანავე მისი სამსახური დაიხურა, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

რუსთავში მდებარე რესტორნის კლიენტურა ავტომანქანებით მოვაჭრეები და უცხოელები იყვნენ. ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის გამო, ეკას სამსახურის დახურვა იმაზე ადრე გამოიწვია, ვიდრე ამას მთავრობა გადაწყვეტდა.

 

ამ ოჯახის მთავარი პრობლემა მხოლოდ უმუშევრობა და უსახლკარობა არაა. 9 წლის მათეს რთული ფორმის ჩიყვი და ავიტამინოზი აქვს. თუ საკვები მოაკლდა და საათობრივი რეჟიმი ვერ დაიცვა, ძალიან ცუდად ხდებაო, ამბობს სასოწარკვეთილი დედა.

 

უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ოცნება სოციალურ ქსელში დაწერა – ის სოფელში მიტოვებულ სახლს ეძებდა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა, მიწას დაამუშავებდა და საკვებს საკუთარი შრომით მოიპოვებდა.

 

მას მალევე ინგლისში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და კასპის რაიონში გადასვლა შესთავაზა.

 

ეკა ამბობს, რომ სოფელში გადასასვლელად ისეთი აუცილებელი ნივთები სჭირდება, როგორებიცაა: საწოლი, მაგიდა, სკამები, კარადა, გაზქურა, მაცივარი, გამათბობელი და სარემონტო საშუალებები სააბაზანო ოთახის მოსაწყობად.

 

იმის გამო, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქალი თავად ვერ უზრუნველყოფს ამ ინვენტარის ყიდვას, დახმარებას საზოგადოებას სთხოვს – გადასცენ ის ნივთები, ვისაც უფუნქციოდ აქვს და აღარ სჭირდება.

 

„ისე მოხდა, რომ მე და ჩემს მშობლებს სახლი არ გვაქვს, არც სოფელში. ჩემი მეუღლე ხან ორი წლით მიდის ჩვენგან, ხანაც – მეტით. ამბობს, რომ მატერიალურად ვერ გვეხმარება იმიტომ, რომ ფული არ აქვს.

 

ჩემი მოხუცი მშობლების და ორი შვილის მიხედვას ჩემი შრომით ვახერხებდი.

 

ბოლოს რუსთავში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ხელმძღვანელობამ მაღალი რისკის გამო დახურა.

 

ჩვენი კლიენტები ძირითადად უცხოელი მანქანებით მოვაჭრეები იყვნენ. არც სოციალური დახმარება გვაქვს, ბინაში, რომელიც დაქირავებული მაქვს, მეპატრონის ტელევიზორი დგას და ამის გამო არ დაგვენიშნა.

 

არადა ძალიან მჭირდებოდა – ჩემს 9 წლის მათეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს, თუ ოთხ საათიანი კვების რეჟიმი მკაცრად არ დაიცვა, შაქრის დონე უვარდება და ძალიან ცუდად ხდება, თვეში 50 ლარის მედიკამენტები სჭირდება.

 

ყოველ სამ თვეში კი, 300 ლარის ღირებულების – ანალიზები. ჩემი ხელფასი დღეში 20 ლარი იყო, რომლითაც ბინის ქირასაც ვიხდიდი 400 ლარის ოდენობით, ბავშვს შეძლებისდაგვარად წამლებს ვყიდულობდი და ვუვლიდი.

 

ძირითადად – ბურღულეულს ვაჭმევდი, რადგან მხოლოდ ამაზე გვყოფნიდა ჩემი ხელფასი. მას D ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობაც აქვს. უფროსი გოგონა 15 წლისაა, ორივე გონიერი მოსწავლეები არიან, მაგრამ განათლების მიღებაში დამატებით ხელშეწყობას ვერ ვახერხებდი.

 

როცა ეს ელემენტარული შემოსავალიც აღარ დამრჩა, სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, სოფელში ვინმეს დაკეტილი სახლი მოეცა, რომელსაც მოვუვლიდი, მიწას დავამუშავებდი და სოფლის მეურნეობას გავუძღვებოდი.

 

მალევე ინგლისში მცხოვრები ქალბატონი გამომეხმაურა და კასპის რაიონში სოფელ თეძში თავისი სახლი შემომთავაზა. რაც მთავარია, იქ დიდი ეზოა ხეხილით და მიწის დასამუშავებლადაც საკმაოდ მოზრდილი ადგილია.

 

სამწუხაროდ, იქ ელემენტარული პირობებიც არაა, მე კი საკუთარი ნივთები არ მაქვს. იმისთვის, რომ ოჯახი გადავარჩინო და იქ დავფუძნდეთ, საწოლები, მაგიდა, სკამები, სამზარეულოს ინვენტარი და სამშენებლო მასალა სააბაზანოს მოსაწყობად ძალიან გვჭირდება.

 

ხომ არიან ადამიანები, ვისაც აქვს, მაგრამ არ იყენებენ?! იქნებ გამომეხმაურონ და გადმომცენ. ის, რაც მათ არ სჭირდებათ, ჩვენთვის ძალიან საჭიროა, თითოეული საოჯახო ნივთი.

 

იმედი მაქვს, საზოგადოება გულგრილი არ დარჩება და დახმარების ხელს გამოგვიწვდის“. – ამბობს ეკა მამულაშვილი.

 

P.S. გვჯერა, რომ მამულაშვილების ოჯახიც იქნება მათ შორის, რომელსაც „პრაიმტაიმის“ მკითხველი დაეხმარება. გვჯერა, რომ ორი მოხუცისა და ორი მოზარდის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანის თანადგომით, უკეთესობისკენ შეიცვლება…

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X