
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს ნაბიჯი ექიმების წასახალისებლადაც გადაიდგა.
,,ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, მოხდება წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებით ანაზღაურება მიეცეთ. ასეთივე წამახალისებელი ღონისძიება გვაქვს C ჰეპატიტის პროგრამაზე, ექიმებს დამატებით ვუხდით თანხას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე.
გარდა იმისა, რასაც დღეს ისინი იღებენ თითოეულ აცრაზე, დამატებით იქნება მოტივაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა. იმის მაგივრად, რომ ხალხი ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
28 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.
სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.5%. 27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















