
პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ სასამართლოში მისი ფიზიკურად მიყვანის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლის სიმბოლო.
„პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ მისი ფიზიკურად სასამართლოში მიყვანის გარეშე. პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, როდესაც პატიმარს, პოლიტიკურ პატიმარს თავი დავანებოთ, პატიმარს არ ეძლევა შესაძლებლობა ზარის განხორციელებისა, რამდენი ხანია, პირველი პრეცედენტია ალბათ, როდესაც დატყვევებული ჰყავთ პრეზიდენტი და მოტყუებით გადაჰყავთ იმ ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს. თანაც როგორ და როდის, როდესაც შვილები და დედა ელოდებიან მას პაემანზე მისულები ციხეში და ეს ხდებოდა რუსთავში. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს, იქნება ცოცხალი და ჯანმრთელი, მალე თავისუფალი. დღესაც გამოჩნდა, რამდენად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლის სიმბოლო, სიმბოლო იმ დაპირისპირებისა, რომელიც განგებ გააჩაღა „ქართულმა ოცნებამ“. ეს ბრძოლა რას გულისხმობს, ბრძოლა ცივილიზაციასა და ჩრდილოეთს შორის, ბრძოლა უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. აქ თავი დავანებოთ ვიწროპარტიულ ინტერესს, მომავლისა და წარსულის დაპირისპირება არის და ყველანი, საღად მოაზროვნე ადამიანები ვდგავართ მომავლის სასარგებლო მხარეს, ამიტომ, რაც არ უნდა დაკავებული იყოთ პატიმრების მკვლელობის მცდელობით, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის, ხელს ვერ აგვაღებინებთ ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის ბრძოლაზე, უნდა შეეგუოთ. იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ბრძოლა ყოველდღიური იქნება, ყოველსაათობრივი. დიდი ისტორიული გამარჯვებები ისტორიულადაც არ მოსულა დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე“, – განაცხადა ნიკა მელია
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















