
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ამ ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.























