08:11 | 2020-05-11 ავტორი: თათია ცუკოშვილი

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

 

„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა.

 

თუმცა პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

 

კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად, 5 ივლისი განისაზღვრა.

 

წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა.

 

აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

მათივე ცნობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

 

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

 

➡ რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;

 

➡ მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;

 

➡ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

 

რეგისტრაციის მესამე ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:

 

მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 2 ივნისს და 25 ივნისის ჩათვლით. დოკუმენტაციის წარდგენა კი, 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე (registration.emis.ge). ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

 

დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

 

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X