
„პროტოკოლში გაჩნდება ასეთი ჩანაწერი, რომ შეჩერდეს, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას პლაქვენილზე.“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეპარატს არც ე.წ. სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც უნდა ჩატარდეს.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება საბოლოო არაა და პრეპარატის გამოყენება ამ დროისთვის დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებას, ცერცვაძის თქმით, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, პლაქვენილს მძიმე პაციენტებს უნიშნავდნენ, შესაბამისად, იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმებით ჰქონდათ და პლაქვენილი არ ენიშნებოდათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბუნებრივად უფრო მაღალი იქნებოდა.
რაც შეეხება პლაქვენილის საქართველოში გამოყენებას, მას დაავადების გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე იყენებდნენ. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პლაქვენილით მკურნალობას მძიმე პაციენტები გადიოდნენ და პრეპარატს დამატებითი გართულებები არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში პრეპარატის გამოყენება დროებით შეაჩერა.
საქმე ეხება ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ ემპირიულ კვლევას, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ.
ეს დასკვნა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარეობდა და ეს არ ყოფილა რანდომიზებული კვლევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, სოლიდარობის კვლევის შესახებ, რომელშიც არაერთი ქვეყანაა ჩართული, ჰიდროქსიქლოროქინის (იგივე პლაქვენილი) მონაწილეობაზე, ამჟამად აღმასრულებელი ჯგუფი მსჯელობს.
კერძოდ, ჯგუფი აკვირდება პრეპარატთან დაკავშირებით არსებულ სანდო მონაცემებს გადაწყვეტილების მისაღებად. გებრეისუსის თქმით, პრეპარატი, აღიარებულია უსაფრთხოდ მალარიისა ან ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისთვის.
სოლიდარობის კვლევა WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს გილეადის მიერ წარმოებული რემდესივირიც.























