
საქართველოს უახლოეს მომავალში ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ყველასთვის კარგად ცნობილი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სახე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ქართულ რეალობაში ღარიბაშვილი მეორედ გაპრემიერდება. პირველად მან 2013 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე კი ერთი წლის განმავლობაში შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.
2015 წლის 23 დეკემბერს კი თანამდებობა და პოლიტიკა ისე დატოვა, რომ წასვლის მიზეზი საზოგადოებისთვის არ განუმარტავს. ჟურნალისტების გარეშე გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა: „თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო“.
ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პოლიტიკურ კულუარებში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა, რომ ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლისკენ ბიძინა ივანიშვილმა უბიძგა და მას გადადგომისთვის მადლობაც კი გადაუხადა.
ხანგრძლივი პოლიტიკური დუმილის შემდეგ, ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაც დაიკავა. მალევე, 2019 წლის სექტემბერში ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა და სამთავრობო კაბინეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, თუმცა როგორც გაიკვა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ რინგზე მთავარ მოთამაშედ ისევ ირაკლი ღარიბაშვილი გამოიყვანა და პრემიერის პორტფელი კიდევ ერთხელ ჩააბარა.
პრემირობის კანდიდატად წარდგენისთანავე ღარიბაშვილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში წესრგის აღდგენა დაანონა.
და მაინც, აჯობებს თუ არა ღარიბაშვილის პოლიტიკურ წარსულს პოლიტიკური მომავალი, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე






















