20:58 | 2021-03-19 ავტორი: Prime Time

პოლიტიკოსების ფიასკო და შინ ცარიელი ხელებით დაბრუნებული დიპლომატი – რით უპასუხებს საქართველოს კრიზისს დასავლეთი

პოლიტიკოსების ფიასკო და შინ ცარიელი ხელებით დაბრუნებული დიპლომატი – რით უპასუხებს საქართველოს კრიზისს დასავლეთი

გუშინ მედიატორ კრისტიან დანიელსონის თაოსნობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გამართული 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 

საქართველოს დატოვებამდე, დანიელსონმა მხარეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიას, სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, ევროკავშირში გაწევრიანებასა და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხს უნდა დაუთმონ.

 

პოლიტიკის ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკების ჩაშლა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

 

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან წითელი ხაზები კვლავ რჩებოდა. ბუნებრივია, როცა მივადექით ამ წითელ ხაზებს, აღმოჩნდა, რომ ორივე მხარე ისევ საკუთარ პოზიციებზე იდგა.

 

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არც ფასილიტატორობა ჰყოფნის დასავლეთის მხრიდან და არც მედიაცია. მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, ბუნებრივია, ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დაიწყება პერმანენტული აქციები, თუმცა პრობლემა ის არის რომ ოპოზიციას საზოგადოებაში ის მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც თავად ჰგონია“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

პოლიტოლოგის, გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთთან საერთო ენა უნდა გამოენახა, რადგან პოლიტიკური დაპირპისპირების ფონზე, პროცესები დადებითად ვერ წარიმართება.

 

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეუთანხმებლობა, ბუნებრივია, ქვეყანაში მოიტანს პოლიტიკურ არასტაბილურობას, ისევ დაპირისპირებას, სტერილურ ხელისუფლებასა და ქუჩაში გადასულ ოპოზიციას“,- გვითხრა ხუხაშვილმა.

 

ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მცირდება თუ არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა

 

ძაბირაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს ამცირებს.

 

„ყველაფერი რომ დალაგებული იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ევროკავშირში არიან სახელმწიფოები, რომლებსაც გაფართოებას არ მიესალმებიან. ეს ხალხი საქართველოში არსებულ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

გია ხუხაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

 

„რა ევროკავშირში გაწევრიანებაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიცით, 2024-ში რა იქნება. ბუნებრივია, ქვეყანაში არსებული ვითარება პარტნიორებმა კარგად იციან, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანას არ წაადგება.  ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სომხეთის სცენარი განვითარდეს, როცა პოლიტიკური კრიზისის გამო, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

 

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოში სომხეთის მსგავსი პოლიტიკური ვითარება არ არის, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში სომხეთის მსგავსი სცენარის განვითარება მოსალოდნელი არ არის.

 

„მეეჭვება, რომ საქართველოში განვითარდეს ისეთი სცენარი, როგორიც სომხეთში განვითარდა, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოსგან განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. სომხეთში პოლიტიკურ რეალობას ძირითადად რუსეთი აკონტროლებს.

 

ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტამ მთელ სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოში ოპოზიციას შეუძლია, რომ აქციები გამართოს, მაგრამ ეს ხალხის ძირითად განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები იმგვარად არ განვითარდება, როგორიც სომხეთში განვითარდა.

 

„ვისურვებდი, რომ ჩვენი ხელისუფლება იყოს ისეთი პასუხისმგებლობით აღჭურვილი, როგორც ფაშინიანია. მისი მხრიდან არანაირი ფორმალური საფუძველი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის არ ჰქონდა, მაგრამ პრეზიენტმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და ძალაუფლებას არ წაეპოტინა. არამგონია, საქართველოში მსგავსი სცენარი განვითარდეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.

 

ავტორი: Prime Time

X