
„პრაიმტაიმს“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის იდეას „ლელოში“ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პარტიიდან ჩვენი წყარო ყვება, რომ ხაზარაძე „ევროპულ საქართველოსთან“ პოლიტიკური ბლოკის შექმნის ინიციატივით გამოდის, რასაც ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმება.
ბლოკი არის პოლიტიკური პარტიების კავშირი ან შეთანხმება დასახული მიზნების მისაღწევად მათი ერთობლივი მოქმედებით. განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ბლოკად გაერთიანება ხმების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, აგრეთვე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ბლოკად გაერთიანება რომელიმე კანონის მიღების ან ჩაგდების მიზნით.
„ლელოში“ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, აქ უარს აცხადებენ კომენტარზე. პარტიაში არ აკონკრეტებენ, მართლაც განიხილება თუ არა ისეთივე პოლიტიკური ალიანსის შექმნა, როგორიც თავის დროზე „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შექმნეს.






















