03:19 | 2021-03-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა – ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში

პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა – ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ.

 

პოლიტიკური შერიგება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ვერ შედგა. ამიტომ, სპეციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კირსტიან დანიელსონი ხვალ ბრიუსელში დაბრუნდება და როგორც ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დეტალურ ანგარიშს ევროპის პრეზიდენტს, შარლ მიშელს ჩააბარებს.

 

რა თქმა დანიელსონმა უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ

 

“გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო. მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან.

 

საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.

 

ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს”, – განაცხადა დანიელსონმა.

 

ამის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მომხდარზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ შეუთანხმებლობის პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.

 

ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ოპოზიციის ბრალდება „ქართულ ოცნებას“

 

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 9 საათიანი უშედეგო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას არცერთ წინადადებაზე შეთანხმება არ სურდა.

 

“ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის “ქართული ოცნება. ჩვენს პოზიციას დღევანდელი დღის შემდეგ, უფრო მეტი დაფასება დასავლეთიდან გვექნება. გასაღები ქართული ოცნების ხელშია და ამას მედიატორები კარგად ხვდებიან.

 

მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ ქართულ ოცნებას არცერთ წინადადებაზე შეთანხმება არ უნდა. ამ დესტრუქციულ პოზიციაზე ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ.”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ამის შემდეგ, თითქმის იგივე შინაარსის განცხადება ენმ-ის წარმომადგენლემა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა. მან იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რის გამოც, პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

 

“ქართულმა ოცნებამ დღეს კიდევ ერთხელ კარი ევროპას მიუხედავად. მკაფიოდ გეტყვით რაზეც ვერ მოხდა შეთანხმება, ეს ორი საკითხია პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

 

“პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ვერ შევთანხმდით, ამის გამო, ქართული ოცნება პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

შემდეგი ოპოზიციონერი სპიკერი “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო. მან განაცხადა, რომ  ქართულ ოცნებას ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროალანტიკური მისწრაფებებიც.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ელჩს და შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმებამდე მაინც მივსულიყავით.

 

ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან და არავინ მინდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამინი იყო ჩავარდნილი.

 

მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან ამ პროცესზე, არ ესმის, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორზე ანუ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ ნახეთ დღეს არის ის, რომ ამ ხალხს სულ ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

„გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილისთვის გაუგებარი იყო მოლაპარაკებების სტილი და მას არ ესმის რატომ არ უნდა ისაუბროს დიალოგის დეტალებზე…

 

წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის კონსესუსი, მე პირველად ვარ ამ ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის, მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, საერთოდ არაფერი არ მესმის. საბოლოო ჯამში იმედი მქონდა, რომ შედეგი დადგებოდა, მაგრამ რომ დავრწმუნდი, არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება.

 

იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა და მიმაჩნდა, შესაძლებელი იქნებოდა ის გამხდარიყო კონსესუსის თემა, თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

 

“ნეიტრალური” პოზიცია დააფიქსირა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას ბრალი თანაბრად დასდო.

 

შეთანხმება ჩაიშალა, არცერთ მხარეს არ ადარდებს, ამ ქვეყანაში რა მოხდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

„გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ იმას ვხედავ, რომ არცერთ მხარეს არ ადარდებს, ამ ქვეყანაში რა მოხდება და ურჩევნიათ, რომ ასე იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან შეთანხმებულები ვართ, რომ ამაზე არ ვილაპარაკებთ. ფაქტია, რომ შეთანხმება არ შედგა და ის ჩაიშალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

ჩაშლილ მოლაპარაკებებზე მმართველი პარტიის ბრალდება ოპოზიციას

 

 

ოპოზიციონერების ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ მედიასთან კომენტარები არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ გააკეთეს. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნებას შეთანხმებაზე მზად იყო.

 

“საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს, შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს მიანიჭეს, არამედ – მათი პარტიებისთვის რაცაა პრიორიტეტული. ენმ-ის წარმომადგენელმა დღეს, განაცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ქართული ოცნება შეთანხმებაზე მზად იყო.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

 

ხოლო ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ოპოზიციონერებზე ისაუბრა და მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

 

“ძალიან საინტერესო პროცესი იყო. გამართლდა ის, რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, იყო ამ დღეებში წინსვლაც, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების ვერ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ გაჟღერებული იყო ულტიმატუმები, ისეთი ულტიმატუმიც, რომელიც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს.

 

ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, აქ წარმოდგენილ პირთა უმრავლესობა იმართება უკრაინიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩაშალეს მოლაპარაკება.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 

დანიელსონის შეცვლილი გეგმები და ვიზიტის ქრონოლოგია

 

 

 

ვის როდის და რამდენჯერ შეხვდა ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი, რას ამბობდა და როგორ დასრულდა უშედეგო მოლაპარაკებები

 

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

 

12 მარტს, საქართველოში ჩამოსვლისას, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. ის ქვეყანაში დარჩენას 14 მარტამდე გეგმავდა, თუმცა გართულებული პოლიტ ვითარების გამო, ის ამ დრომდე საქართველოში იმყოფება.

 

„აქ ვარ, როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 10 დღის წინ წარიმართა საქართველოში. ახლა, ჩემი როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში წარიმართება.

 

ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს და იმას, რომ ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

 

ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა სამწუხაროდ, რომელიც ეკონომიკას და პანდემიას ეხება. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, რომ იხმარონ ყველა ძალა, რათა კომპრომისის სახით ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი როლი არის ის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ.

 

პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საქმეა, რომ თვითონ იპოვონ გამოსავალი, გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ,”- განაცხადა კრისტიან დანიელსონმა ჩამოსვლისას.

 

12 მარტს, კრისტიან დანიელსონმა დაასახელა პუნქტები, რომლებზეც უნდა ესმჯელა მხარეებთან –  “მართლმსაჯულება და საარჩევნო რეფორმები ის საკითხებია, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ” – აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ამის შემდეგ, დანიელსონი ცალ-ცალკე შეხვდა მმართველი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტს.

 

13 მარტს დანიელსონი ოპოზიციას შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან გააგრძელდბდა.

 

როგორც დანიელსონის განცხადებებიდან ირკვეოდა, დანიელსონს იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია და ქართული ოცნება შეთანხმებას მიაღწევდნენ. 14 მარტს, განაცხადა, რომ “რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით”. ასევე, აღნიშნავდა, რომ გრძნობდა, ყველა პარტიის მხრიდან იყო მზადყოფნა,  წინსვლის გზა მოეძებნათ, –  ამის შესახებ მან ისევ 14 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

14 მარტს, დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს პირველად შეხვდა.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. გავაგრძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

 

15 მარტს, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ასეთი განმარტება გააკეთა:

 

“გუშინ 14 მარტს შეხვედრის დასრულებისას გვითხრა ჩვენ ბატონმა დანიელსონმა, რომ ის მეორე დილით ტოვებდა ქვეყანას, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები და მან გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რის შესახებაც, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩვენ კომენტარები გავაკეთეთ, შეგვატყობინა, პირველ რიგში, ჩვენ. ეს არის ძალიან კარგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდება დიალოგს და იმას, რომ მათ შორის ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დანიელსონის მოულოდნელად შეცვლილ გეგმაზე და საქართველოში დარჩენაზე “სტარტეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც გააკეთა კომენტარი – რომ მისი დარჩენა მხარეების შეთანხმებას ნიშნავდა…

 

დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის” – განაცხადა ვაშაძემ. 

 

15 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა.

 

17 მარტს, ის ოპოზიციას ესაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა.

 

“ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და მუშაობას მხარეებთან. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს,” – ამბობდა დანიელსონი.

 

18 მარტს კი დანიელსონმა დააანონსა, რომ გულმოდგინედ იმუშავებდნენ და ბევრ საქამეს გააკეთებდნენ.

 

“ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე. ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისვე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალინ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

იმავე დღეს, 18 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

 

18 მარტს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხათუნდა სამნიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დანიელსონის შეთანხმების პუნქტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია პოზიციებს დააახლოებდნენ.

 

„მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. დღესაც ვთვლი, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება არ არის სად იქნება ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ამ შეთანხმებას აქვს სასიცოცხლოდ დიდი მნიშნვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – ევროკავშირი.” – განაცახადა ხათუნა სამნიძემ.

 

უკვე 19 მარტს, დანიელსონამ მოლაპარაკებების დადებითად დასრულების ნაწილზე განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული მხარეებზე იყო.

 

“პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი ამ კრიზისის გადაწყვეტილება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთის და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. სრულიად მჯერა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

ბოლო განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელმა ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და იმედი დაიტოვა, რომ ახლა უკვე, მხარეები მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან მიმდინარე პროცესებს…

 

ის საქართველოს ხვალ დატოვებს. მას შემდეგ, რაც დანიელსონი ბრიუსელში წარუმატებლობის ანგარიშით დაბრუნდება, შარლ მიშელის შემდგომი ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X