17:24 | 2020-04-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო 17 მოქალაქე დააჯარიმა

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო 17 მოქალაქე დააჯარიმა

პოლიციამ ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში, საგანგებო რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმა.

 

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმა.

 

1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

 

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 5 პირი დააკავა.

 

„პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X