
ორი კვირის წინ, სენაკში ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს.
დღეს კი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.























