
ოჰაიოს დედაქალაქ კოლუმბუსში, პოლიციის ოფიცერმა ფერადკანიანი კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ოფიცერს ჩამწერი ვიდეოკამერა, ცეცხლის გახსნამდე არ ჰქონდა ჩართული, შესაბამისად გამოძიებისთვის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქალაქის მერის – ენდრიუ გინთერის თქმით, ვიდეოკამერას 60 წამით უკან გადახვევა შეუძლია, მიუხედავად ამისა, იგი ხმას არ იწერს. შესაბამისად, გამომძიებლებს აქვთ სროლის ამსახველი კადრები, თუმცა ხმის გარეშე, ამიტომ უცნობია პოლიციის ოფიცერი და გარდაცვლილი მამაკაცი სროლამდე რაზე საუბრობდნენ.
სამშაბათს, ღამის 01:37 სთ-ზე, კოლუმბუსის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გამოძახებაზე მისულ ოფიცერს სახლის ავტოსადგომის კარი ღია დახვდა, იქ კაცი იდგა.
ვიდეოში ჩანს, რომ პიროვნება ოფიცრისკენ მოიწევდა. მას მარცხენა ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, მისი მარჯვენა კი არ ჩანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერმა 47 წლის ფერადკანიან მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც იმავე ღამეს, 02:30 საათამდე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მიხედვით, ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის ოფიცერმა დაზარალებულს დახმარება მაშინვე არ აღმოუჩინა.
კოლუმბუსის მერის განცხადებით, ვიდეოჩანაწერის მედიაში გავრცელებამდე, გარდაცვლილის ოჯახს მისი ნახვის საშუალება მიეცემათ. მან ასევე ისაუბრა კამერებზეც და თქვა, რომ ქალაქმა 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა პოლიციის ფორმების ვიდეოკამერებით აღჭურვისათვის, შემდეგ კი, მიმართა ქალაქის პოლიციის ოფიცრებს – „კამერას თუ არ ჩართავთ, ვერ იმსახურებთ და დაიცავთ კოლუმბუსის მოსახლეობას“.
ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის – ტომას ქუინლენის თქმით, თუ სამხილები კანონდარღვევაზე მიუთითებენ, ოფიცრის მიმართ, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ დროისთვის, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
უნდა ვახსენოთ, რომ ეს შემთხვევა, ამერიკაში პირველი ფერადკანიანის მკვლელობა არაა. მიმდინარე წელს რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა.
პოლიციის თეთრკანიანმა ოფიცერმა მინეაპოლისში ფერადკანიანი კაცი – ჯორჯ ფლოიდი ფეხით გაგუდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი დახმარებას ითხოვდა, პოლიციის ოფიცერმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და ფეხით ფლოიდს კისერზე იქამდე აწვებოდა, სანამ მოძრაობა არ შეწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, დემონსტრაციები მთქელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო.
























