
„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს – ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა“.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გვაცნობეს, რომ პოლიციის და სოციალური სამსახურის დახმარებით მცირეწლოვანი დედას დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
„სოციალური სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლების მიერ, პატარა, რომელსაც დედის თხოვნით, მთელი საქართველო ეძებდა, დედას – ოლივია თათარაშვილს სასამართლოს საბოლოო განჩინების გამოცხადებამდე დაუბრუნდა“, – ამბობს ადვოკატი ლოლა კურკუმული.
მისი თქმით, ახლა ბავშვი დედასთან ერთად ნათესავის აგარაკზე იმყოფება.
„ორი დღის წინ, პოლიციელმა და სოციალურმა მუშაკმა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვს მოაკითხეთო. მე და დედა ერთად მივედით.
მანქანაში რომ ჩავისვით დახლოებით, 5 წუთი გაუცხოების მომენტი ჰქონდა, ვფიქრობ, ეს ნორმალურიცაა ურთიერთობის წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ.
თუმცა, როცა გააცნობიერა, რომ მანქანაში დედა იჯდა და შიშის ფაქტორი არ არსებობდა, კალთაში ჩაუჯდა, ეფერებოდა, ესაუბრებოდა და ეალერსებოდა.
სასწაული იყო, თითქმის ორწლიანი განშორების შემდეგ, დედა-შვილის შეხვედრა. ახლა, ორივე თავს კარგად გრძნობენ და ერთად ბედნიერები არინ“, – ამბობს ლოლა კურკუმული.
„პრაიმტაიმი“ სოციალურ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყების სოციალური მუშაკი ამბობს, ოჯახურ დავაში იუსტიციის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ და ხანგრძლივი მუშაობით დადგინდა, რომ პატარა დედასთან ურთიერთობა არავითარ საფრთხეს არ შეიცავს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
„ანტონების საქმეში იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ჩავერთეთ. მერე, სასამართლო დავა დაიწყო და ბუნებრივია, პროცესებშიც ჩართულები ვართ.
მოსამართლის მიერ დაგვევალა, სოციალური მუშაკის დაკვირვების ქვეშ მომხდარიყო დედა-შვილის შეხვედრა, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა.
რა თქმა უნდა, მუშაობა გავაგრძელეთ და მიგვაჩნია, რომ პატარასთვის დედასთან ურთიერთობა საფრთხის შემცველი არ არის და ის ოლივიასთან თავს კარგად გრძნობს.
სასამართლოს პოზიციაც იგივეა – ბავშვს მიეცა დედასთან ურთიერთობის საშუალება.
ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ვიცავთ და ეს ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია. უდიდესი ძალისხმევა ჩავდეთ ამ საქმეში, დეტალებს, რა თქმა უნდა ვერ ვასაჯაროებთ, კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“, – ამბობს სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი.
მეორე მხარის, ანუ მამის ინტერესების დამცველი ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი კი პოლიციას და სოციალურ სამსახურს ოლიავიას სასარგებლოდ შეთანხმებულ, უკანონო მოქმედებებში ადანაშაულებს და ადვოკატ ლოლა კურკუმულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებს უარყოფს.
„სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ განსაკუთრებული დავალების საფუძველზე, მოითხოვა არასრულწლოვანის გამოკითხვა.
უარყოფილი იქნა მამის შეთავაზება ალტერნატიული თარჯიმნისა და ფსიქოლოგის დასწრებაზე.
29 მაისს, მხარე გამოცხადდა დანიშნულების ადგილას, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ მითითებული თარჯიმანი ადგილზე გამოცხადდა ოლივიას და მისი ადვოკატის სატრანსპორტო საშუალებით.
აღნიშნულ ფაქტს მამის მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ საგამოძიებო პროცესს ხელს შეუშლიდა, დაიჭერდნენ.
არაობიექტურობისა და შეთანხმებების ლუსტრაციის პირობებში, არასრულწლოვანი კანონიერმა წარმომადგენელმა ადგილიდან განარიდა, საგამოძიებო უწყებამ კი შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამ ვერ შეძლო შვილის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა.
ფაქტის შესახებ მხარემ ოფიციალურად აცნობა საქართველოს პროკურატურას, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს.
2020 წლის 1 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის მხრიდან არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის მიმართ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათ სურდათ არასრულწლოვანის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმება, სატელეფონო ზარიდან 1 საათში.
უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა რეგიონში და არ გააჩნდა ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა არასრულწლოვანი მისამართზე.
უწყების პოზიცია ეცნობა ბავშვის მამას, რომელმაც განმარტა, რომ 1 ივნისს აღნიშნავდა ბავშვის დაბადების დღეს. შესაბამისად, არ იმყოფებოდა სახლში და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა დროისთვის გადადებულიყო ვიზიტი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ადგილზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ და მოახდინეს ფაქტის კონსტანტაცია არასრულწლოვნის მისამართზე არყოფნის შესახებ.
აღნიშნულის პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მამას საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს ბავშვის გამოკითხვაზე. შესაბამისად, 2 ივნისს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გამოცხადნენ საცხოვრებელ მისამართზე.
მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას დაესწრებოდა მამის მხრიდან წარდგენილი თარჯიმანი და ბავშვის ბებია.
გამოკითხვის დაწყებიდან მცირე დროში, არასრულწლოვანი დიალოგის ოთახიდან გავიდა ბებიასთან და უთხრა, რომ უწყების წარმომადგენლებს სურდათ მამასთან დაეშორებინა, რასაც მოჰყვა მხარის თარჯიმნის დამაზუსტებელი შეკითხვები, თუმცა როგორც ბებია, ასევე თარჯიმანი, უწყების წარმომადგენლებმა, სახლიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას.
გამოკითხვის დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც უცნობია, საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ოთხი ეკიპაჟით, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე და არასრულწლოვნის მამას გადასცეს შემაკავებელი ორდერი.
გაირკვა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნისა და მიმართვის საფუძველზე, მამას 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა შვილთან ურთიერთობა.
საფუძვლად დასახელდა ძალადობის ფორმა – „უგულვებელყოფა“, რაც გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული დროებითი განკარგულების შეუსრულებლობას.
პოლიციამ ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვი გადასცა სააგენტოს თანამშრომელს ნინო იობაშვილს, რომელმაც არასრუწლოვანი მიიყვანა დედასთან, ვინაიდან ოლივიას, გასაჩივრებული დროებითი განკარგულების მიხედვით, სამშაბათს დღეს შეეძლო ბავშვის გაყვანა.
არასრულწლოვანისა და მისი ერთი კანონიერი მშობლის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, კრიტიკას ვერ უძლებს, მთლიანად ამორალურს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ინსტიტუციას და ნდობას არ სძენს პოლიციის საქმიანობას.
არასრუწლოვანი დგას ობიექტური საფრთხის წინაშე და არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის საქართველოში უსაფრთხოებაზე.
მთლიანობაში, დაირღვა არასრუწლოვანის კანონიერი ინტერესები, სახეზე არ გვაქვს გამოკითხვის აუდიო ოქმი, უარყოფილ იქნა მხარის მოთხოვნა ბავშვის სასამართლოს წინაშე გამოკითხვის უფლებაზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოკითხვის პროცესში ბავშვზე ზემოქმედების მოხდენაზე, გამოძიების თარჯიმანი, წინა დღეებში დაფიქსირებული შემთხვევისა, არ იმსახურებს კანონიერ ნდობას, უცნობია ბავშვის ამჟამინდელი მისამართი და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უსაფუძვლოდ შეიზღუდა ბავშვის ბებიის უფლება შვილიშვილთან ურთიერთობის შესახებ, მამის მიმართ ადგილი ჰქონდა მტრული და ანტაგონისტური დამოკიდბეულებას, ვერბალურ განცხადებას, რომ დაიჭერდნენ, სააგენტოს ოფიცილაურმა პირებმა შეწყვიტეს ბავშვის მდგომარეობის შესახებ მის წარმომადგენელთან სატელეფონო და ელექტრონული სახის კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა“, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.
ავტორი: თამარ ბუჩუკური























