
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრიპირა სოფელ რუხში მდებარე მრავალპროფილურ საავადმყოფოში იმყოფებიან. აქ საკარანტონო ზონა მოეწყობა. პრემიერთან დახურულ შეხვედრაზე ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„სახელმწიფო ზუგდიდელებზეც ზრუნავს და ეს ზრუნვა, პირბადეების გარდა, გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
„კორონავირუსის ინფექცია დღეს დღეობით გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. რუხის საავადმყოფოში მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე, სტაციონარიში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება და ზუგდიდიც და სამეგრელოც ისევე, როგორც აფხაზეთი არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“,- განაცხადა მინისტრმა.
ამ ეტაპზე, ანაკლიაში სამი და მესტიაში ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.
ავტორი: თეა შონია






















